ფეხბურთი

1:44 | 11.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის გაუქმებული საგოლე პასი: ქართველების დუელში "ლიონმა" "სენტ ეტიენი" დაამარცხა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში ქართველი ფეხბურთლების დუელი შედგა. „ლე დერბიში“ ერთმანეთს გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენს“ უმასპინძლა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და „ლიონმა“ მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვა, რითაც სანაკრებო პაუზის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

აღნიშნული თამაშის ძირითად შემადგენლობაში იყო „მწვანეების“ ბომბარდირი ზურიკო დავითაშვილი. საქართველოს ნაკრების წევრმა შეუცვლელად ითამაშა. ხოლო „ლომების“ რიგებში მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი მიქაუტაძე.

აღსანიშნავია, რომ შემოსვლიდან ორ წუთში მან საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა VAR-ზე ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ ხელით თამაში დაფიქსირდა და შესაბამისად გოლი არ ჩაითვალა.

მასპინძლების რიგებში ერთადერთი ბურთი ტოლისოს გადაცემიით ალექსანდრ ლაკაზეტიმ გაიტანა. მან საკუთარი გუნდი 29-ე წუთზე დააწინაურა და როგორც გაირკვა, საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

გეტყვით, რომ ლიგა 1-ის ეგიდით ქართველი ფეხბურთელების დუელი პირველად შედგა.

„ლიონს“ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამ გამარჯვების შემდეგ 18 ქულა დაუგროვდა. მიქაუტაძის გუნდი სატურნირო ცხრილში და მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო „სენტ ეტიენი“ 10 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 11 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ლიგა 1-ში ასევე 11 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

ხვალიდან დავითაშვილი და მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებს შეუერთდებიან. საქართველოს ნაკრები კი 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინას, ხოლო 19-ში ჩეხეთს სტუმრად შეხვდება.

0.122554