ფეხბურთი

18:12 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: “საუკეთესო ჭიკაიძე იყო”

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გორის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ ამხანაგურ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებიდან შსს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გამოარჩია.

როგორც კალაძემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, “ჭიკაიძე საუკეთესო იყო”.

დღეს გორში ერთმანეთს ცხინვალის “ლიახვი” და ახლადშექმნილი გუნდი “თბილისი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 4:4 დამთავრდა.

“თბილისში” თამაშობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები. ღარიბაშვილი თავდამსხმელი იყო, ჭიკაიძე მეკარე, ხოლო კალაძე - მცველი.

ცხინვალის “ლიახვის” გუნდი ეთნიკური ოსი და ქართველი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

პირველი ტაიმი “თბილისის” გამარჯვებით დასრულდა 2:0. პირველი გოლი დემეტრაძემ მე-8 წუთზე გაიტანა, მეორე გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე ტაიმი “ლიახველთა” რიგებში ითამაშა და ჰეთ-თრიქიც შეასრულა.

ირაკლი ღარიბაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი): “უჩვეულო ფორმაში ვართ... ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ვგრძნობდი ძალიან დიდ სიყვარულს ჩვენი ოსი ძმების მხრიდან. ეს იდეა ორი თვის წინათ დაიბადა. გადავწყვიტეთ, ჩვენ ოს ძმებთან ერთად ამხანაგური მატჩი ჩაგვეტარებინა. ეს მეტია ვიდრე სპორტი”.

ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “სპორტი აერთიანებს ყველას. ეს არის სპორტი პოლიტიკის გარეშე”.

კახა კალაძე (ენერგეტიკის მინისტრი): “ჭიკაიძე საუკეთესო იყო, პრემიერი კი ბომბარდირი გახდა. საბოლოოდ საინტერესო შეხვედრა გამოდგა”.

სოსო რომელაშვილი: (ცხინვალის “ლიახვის” დირექტორი): “ჩამოვაყალიბეთ გუნდი ქართველი და ოსი ფეხბურთელებით, იმედია ეს ყოველივე ქვეყნის გაერთიანებას წაადგება”.

0.160598