თბილისის ‘ხვამლმა’ დაძაბულ და უხვქულიან შეხვედრაში უშუალო კონკურენტი, რუსთავის ‘ხარები’ “ხარები არენაზე” დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილამდე დაწინაურდა - 49:42.
crocobet დიდი 10-ის მე-8 ტურის მეოთხე თამაში კარგი საყურებელი გამოდგა. მაყურებელმა ჯამში 11 ლელო იხილა, რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი და გამარჯვებულის ბედიც დასკვნით წამებზე გადაწყდა.
ბურთი თამაშში ‘ხვამლმა’ შეიყვანა, მას თავადვე დაეუფლა, მეტოქის ლელოს ეტაპობრივად მიუახლოვდა და მე-3 წუთზე გიორგი ვარდოსანიძემ ანგარიში გახსნა, ზურა ქობელაშვილმა კი გარდასახა. მალე სტუმრები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ, ყვითელი ბარათი რეზო მახარაძემ მიიღო და ‘ხარებმა’ რიცხობრივი უპირატესობით მე-9 წუთზე ისარგებლა: 22-ის ხაზთან დერეფნიდან ცრუ-მოლის შემდეგ თამაზ ჭამიაშვილმა შეუტია და სისწრაფეში ჭრაზე ანარე ტუიტაი შეიყვანა, რომელმაც მანძილი მაღალ სისწრაფეში დაფარა და მისი საპასუხო ლელო გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახა.
ტაიმის შუაში ქობელაშვილმა და პეტრიაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, რასაც სტუმართა მხრიდან მოედნის ცენტრში დაშვებული ორი შეცდომა მოყვა, ორივე ჯერზე კონტრშეტევაზე ტუიტაიმ იხეირა, საკუთარი მონაგარი 3 ლელომდე გაზარდა, პეტრიაშვილმა კი გარდასახვები ზუსტად შეასრულა და მასპინძლები 14 ქულით დააწინაურა. ტაიმის ბოლოს ‘ხვამლმა’ ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, 22-ში მორკინალებმა ფაზები აკინძეს, მერე ბურთი ხაზზე გავიდა, ალამთან ლელო თორნიკე ბაიხოიძემ დაამიწა. ქობელაშვილმა გარდასახა - 24:17.
მეორე ტაიმის სტარტზე ფრიდონ წიკლაურს ფეხით თამაშისას ლუკა წიკლაურმა დაუფარა, ბურთი სანდრო სვანიძემ აიტაცა ‘ხარების’ უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. ქობელაშვილმა და პეტრიაშვილმა 52-ე წუთამდე ჯარიმები გაცვალეს, მერე კი კიდევ ერთი ლელო გავიდა. ამჯერად რუსთაველთა დამრტყმელს გიორგი კვაბზირიძემ დაუფარა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, ქობელაშვილმა კი მარტივი გარდასახვა შეასრულა.
თბილისელები შეტევებს აგრძელებდნენ, მაგრამ შეცდომებს უშვებდნენ და რუსთაველებმა ამით 61-ე წუთზე კიდევ ერთხელ ისარგებლეს. საკუთარ 22-ში გადაცემა მაიკელი როკონდინონომ ჩაჭრა და ლელომდე 80 მეტრი ირბინა. ‘ხვამლმა’ კვლავ მალე უპასუხა, მოლი ააგორა და გიორგი ვარდოსანიძემ ლელო გაიტანა. ‘ხარები’ გამარჯვებას 72-ე წუთზე მიუახლოვდა, როდესაც პეტრიაშვილმა ჯარიმით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა, მაგრამ სტუმრები მარცხს არ შეეგუენ და საწადელსაც მიაღწიეს.
ორიოდე წუთში მათი კარგი, ხელდახელ შეტევა ფრთაზე ლაშა კაკაურიძის ლელოთი დასრულდა, 78-ე წუთზე კი მოლი ბექა ნეფარიძემ დააგვირგვინა. ქობელაშვილმა ბოლო ორი გარდასახვიდან ერთი გამოიყენა, ბოლო წუთზე 50 მეტრიდან ჯარიმაც გაიტანა და ‘ხვამლს’ 49:42 მოაგებინა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხვამლის’ კაპიტანი საბა კურტანიძე გახდა. ‘ხვამლს’ 20 საცხრილო ქულა მოუგროვდა და ‘ხარებს’ გაუტოლდა, რომელსაც ნუგეშ-ქულა ერგო. გუნდები მე-4-მე-5 ადგილებს იკავებენ.
RUGBY.GE