რაგბი

12:20 | 11.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 33:34 ბათუმი

‘ბათუმმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ ბოლო წუთზე რომან მახათაძის მიერ აკრობატულ ნახტომში გატანილი ლელოთი 34:33 სძლია და მოწინავე ექვსეულში დამკვიდრდა.

“ავჭალაზე” გამართული crocobet დიდი 10-ის მე-8 ტურის დასკვნით შეხვედრაში მასპინძლებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და თითქმის მთელი თამაში ლიდერობდნენ. ერთი პერიოდი მათმა უპირატესობამ 18 ქულასაც უწია, მაგრამ მერე სტუმრებმა ძალისმიერ თამაშში იმძლავრეს, ‘ყაზბეგის’ შეცდომებითა და უდისციპლინობით იხეირეს და სეზონში მე-4 გამარჯვება მოიპოვეს.

თამაში აქაც უხვქულიანი აღმოჩნდა. გუნდებმა 5-5 ლელო გაიტანეს. ‘ბათუმს’ 8 თამაშის შემდეგ 20 ქულა მოუგროვდა, რითაც ‘ხვამლს’ და ‘ხარებს’ გაუტოლდა, მაგრამ მათ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა. ‘ყაზბეგს’ ნუგეშ-ქულა შეხვდა, ჯამში 14 მოუგროვდა და მე-7 პოზიციაზეა.

მატჩის დებიუტი მასპინძლების იყო. მე-5 წუთზე მოლი გელა მახარაშვილის ლელოთი დასრულდა, 5 წუთში კი სტეფანწმინდელებმა მეტოქის შეცდომის შემდეგ 5-მეტრიანი შერკინებიდან ბურთი სწრაფად გაიტანეს, ლევან ქუშაშვილმა პირველივე ფაზაში გაჭრა ხაზი და ანგარიში 10:0 გახადა. დავით იმნაძემ მონაგარს გარდასახვიდან 2 ქულა შემატა.

‘ბათუმმა’ ტაიმის შუაში მძლავრი მოლით უპასუხა, მასში ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთნენ და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ საპასუხო ლელო სერგი ჩხაიძემ მიითვალა. ‘ყაზბეგმა’ თავისი მესამე ლელო 26-ე წუთზე გაიტანა, ფორვარდებს წითელ ზოლში წინსვლა არ ჰქონდათ, იმნაძემ ბურთი ფეხით მარცხენა ფრთაზე გადაკიდა, სადაც საჰაერო დუელში ლუკა ალიბეგაშვილმა იმარჯვა და მისი ლელო იმნაძემ გარდასახა - 19:5.

მეორე ტაიმი სტუმრების შეტევებით დაიწყო და ვაჟა მიქაძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა ზღვისპირელები მატჩის განახლებისთანავე შეცდნენ, სტეფანწმინდელებმა შერკინებიდან გაიტანეს ბურთი, იმნაძემ ის გუგუა ხულელიძესთან გაითამაშა და თავისივე ლელო გარდასახა, რითაც მატჩის დასრულებამდე 30 წუთით ადრე მასპინძელთა უპირატესობა 18 ქულიანი გახადა.

ამის შემდეგ ‘ყაზბეგს’ დისციპლინის მხრივ პრობლემები დაეწყო, ‘ბათუმმა’ ბურთზე სრული კონტროლი დაამყარა, 10 წუთის ინტერვალში 3 გარდასახული ლელო გაიტანა და 3 ქულით დაწინაურდა. ორი ლელო დერეფნიდან აგორებულ მოლს მოყვა. თავი ვაჟა თაგაურმა და მანუელი რატუნიარავამ გამოიჩინა, ერთხელ კი კავეკინი ტამბუზე გაფუჭდა ბოჭვა. ვაჟა მიქაძემ სამივე გარდასახა - 26:29.

69-ე წუთზე იმნაძის 40 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა ძელმა აისხლიტა, მცველებმა უყურადღებოდ ითამაშეს და ოვალს კვლავ მასპინძლები დაეუფლნენ, ფორვარდების რამდენიმე მიძალების შემდეგ კი აჩი აბესაძის ლელოთი ‘ყაზბეგმა’ ლიდერობა დაიბრუნა. იმნაძემ გარდასახა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა. სტუმრებმა გამარჯვების ლელოზე თამაში გააგრძელეს და დასკვნით წუთებში გიგა კაციტაძის სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, ბოლოს კი მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ბურთი მარჯვენა ფრთაზე რომან მახათაძემდე ჩათამაშდა, მან ერთი მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიშორა, მეორეს კი ზედ ლელოს ხაზთან ამოუხტა და ბურთი აკრობატულ ნახტომში დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა ეს ლელო გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა - 34:33 ‘ბათუმის’ სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვაჟა თაგაური გახდა.

RUGBY.GE

0.118515