ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ისლანდიას თბილისში უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 25:30 დამარცხდა.
ისლანდიის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია და მისი გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია, სტუმრებს მხოლოდ ერთგოლიანი უპირატესობა ჰქონდათ შესვენებაზე, თუმცა მეორე ნახევარში ეს უპირატესობა გაზარდეს და საბოლოოდ, დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების რიგებში გიორგი დიხამინჯიამ 9 გოლი გაიტანა, გიორგი ცხოვრებაძემ თავი 5-ჯერ გამოიჩინა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ, ერეკლე არსენაშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა 3-3 გოლი გაიტანეს, ხოლო გიორგი ლაფიაშვილის ანგარიშზე 2 გოლი იყო.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ჯერჯერობით ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია, მოგეხსენებათ, ტიტე კალანდაძის გუნდი მანამდე სტუმრად საბერძნეთთან 26:27 დამარცხდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 12 მარტს, თბილისში, ბოსნიასთან გამართავს.
ევრო 2026-ის შესარჩევ ეტაპს თითოეულ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილოსნები დაძლევენ, ევროპის ჩემპიონატზე ასევე გავა ჯგუფებში საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად მიმდინარე წლის იანვარში ითამაშა, სადაც ბოსნია დაამარცხა, ხოლო ნიდერლანდებსა და შვედეთთან წააგო.