ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მე-6 ტური, წინა ტურის მსგავსად არასრული გამოდგა. ‘არმიას’ უამრავი მოთამაშის ვირუსული გრიპით ინფიცირების გამო, სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტს ამჯერზე ‘ხვამლი’-‘არმიას’ შეხვედრის გადადება მოუხდა, რის გამოც ცხრილში 4 გუნდს (‘აია,’ ‘ბათუმი’, ‘ხვამლი’, ‘არმია’) 5-5 თამაში აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, 18-წლამდელთა ევროპირველობაზე მონაწილეობის გამო, ჩემპიონმა ‘ლელომ’ ძირითადი შემადგენლობის 8 მოთამაშე მოისაკლისა, ‘აიას’ კი მეტოქეებთან გამკლავება 5 წამყვანი მორაგბის გარეშე უხდება.
‘ლელომ’ სატურნირო ცხრილში მდევრებთან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. ჩემპიონი ლიდერობას მაქსიმალური შედეგით, 30 ქულით აგრძელებს და მეორე ადგილზე დაბრუნებულ ‘აიას’ 10 ქულით უსწრებს. ტურში უთამაშებლობამ ‘ხვამლი’ 18 ქულით მესამე პოზიციაზე განათავსა, ‘ხარებმა’ კი 14 ქულით მე-4 ადგილი გაიმყარა.
‘ყოჩები’ 9 ქულით მე-5 პოზიციაზე დარჩა. ‘ლოკომოტივი’ 6 ქულით ‘არმიას’ გაუტოლდა და უკეთესი პირისპირ ბალანსით პლეი ოფის ზონაში აინაცვლა. ‘არმია’ 6 ქულით ბოლოსწინა, მე-7 ადგილზე დაქვეითდა, ‘ბათუმი’ კი 5 ქულით ჯგუფის აუტსაიდერად იქცა.
მესამე მასივში, ‘ლელოსა’ და ‘ბათუმის’ შეხვედრა ჩემპიონის სრული უპირატესობით წარიმართა. ძირითადი შემადგენლობის იძულებითი როტაციის მიუხედავად, ზურა ხორბალაძის ბიჭები უნარიანად და ეფექტურად ირჯებოდნენ. ‘ლელო’ სწრაფ, კომბინაციურ სტილში მოქმედებდა, რასაც ჩვეულ, ხშირ დომინანტურ ბოჭვებსაც კარგად უთავსებდა.
‘ლელომ’ ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერს მთლიანობაში 9 ლელო გაუტანა. ჩემპიონის წარმატებას სათავე მარბიელ იოსებ ღვინჯილიას გატანილმა ლელომ დაუდო. მასპინძელთა ფრთა გოჩა ხურციძემ და კვაჭმა დავით ხიზანიშვილმა პირველივე ტაიმში „დუბლი“ გაიფორმეს. ‘ლელოს’ კიდევ ერთმა ფრთა დემეტრე დურგლიშვილმა კი წყვილი ლელო მეტოქეს მეორე ნახევარში დაუდო. ‘ბათუმი’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს პირველ ტაიმში შუამარბ ანრი დევაძის გატანილი ლელოთი გადაურჩა - 55:7.
ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ პირველობის კიდევ ერთ აუტსაიდერ ‘ლოკომოტივს’ „რკინიგზელთა“ ბაზაზე ესტუმრა. ‘ლოკომოტივმა’ ფავორიტს დიდი ბრძოლა გაუმართა და შესვენებაზე 7 ქულიანი უპირატესობითაც წავიდა. მასპინძელთა ბურჯ დავით ბენაშვილის გარდასახულ ლელოს, ‘აიას’ მხტომელმა პაატა ჩაკვეტაძემ ასევე გარდასახული ლელოთი უპასუხა, თუმცა „რკინიგზელთა“ შუამარბ გიორგი კეკელიას გარდასახულმა ლელომ ‘ლოკომოტივს’ პირველი ტაიმი მოაგებინა.
მეორე ნახევარში რიონისპირელებმა ტემპს უმატეს და მასპინძლებზე ზეწოლა გააძლიერეს. ანგარიში ჯერ მოლის ჩაქცევისთვის ‘აიას’ სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო ლელოთი გათანაბრდა, რასაც სტუმართა შუამარბ გურამ ნუცუბიძის გარდასახული ლელო მოჰყვა. შეხვედრის დასკვნითმა მონაკვეთმაც ‘აიას’ იერიშებში ჩაიარა, თუმცა ‘ლოკომოტივმა’ თავი კარგად დაიცვა და ნუგეშ-ქულას გამორჩა, რამაც „რკინიგზელები“ ცხრილის ბოლო საფეხურიდან პლეი ოფის ზონაში აანაცვლა. მატჩი ‘აიამ’ 21:14 მოიგო.
ტურის გამორჩეული შეხვედრა „ხარები არენაზე“ გაიმართა, სადაც რეგიონულ დერბიში ერთმანეთს რუსთავის ‘ხარები’ და ბოლნისის ‘ყოჩები’ დაუპირისპირდა. პრინციპულ მეტოქეთა შეხვედრაში წარმატებული გუნდი ცხრილის მოწინავე კვარტეტში მკვიდრდებოდა, რამაც ქვემო ქართლურ დერბის მეტი სიმძაფრე შემატა.
პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში განვლო და მეტოქებმა 2-2 ლელო გაიტანეს. ‘ყოჩების’ მხრიდან გარდასახული ლელოები მხტომელმა თორნიკე ბიბიჩაძემ და ფრთა დათა ღვალაძემ მიითვალეს, მასპინძელთა მხრიდან კი ლელოს დადება მხტომელმა ნიკა ბოგიშვილმა და შუამარბმა ტატო გურჯიძემ მოახერხეს. ჰავბეკ გიორგი სვანიძის ზუსტმა გარდასახვამ და გატანილმა ჯარიმამ ‘ხარებს’ ტაიმი მინიმალური სხვაობით მოაგებინა.
მეორე ნახევარში ‘ხარები’ უფრო სწრაფად და ლაღად ათამაშდა. გიორგი ზირაქაშვილის ბიჭებმა კომბინაციურ სტილში კიდევ 2 ლელოს დადება (ბექა მულაძე და ზურა მძინარაშვილი) მოახერხეს, რომლებიც გიორგი სვანიძემ გარდასახა და კიდევ ერთი გატანილი ჯარიმით ანგარიშში უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ მარქაფადან ჩართულმა ‘ხარების’ ბურჯმა ბექა მულაძემ თავის დაბადების 17 წლისთავი ჩინებული ლელოთი აღნიშნა. ‘ყოჩები’ ბოლომდე იბრძოდა და ბოლო წუთზე მარქაფადან ჩართული მარბიელის ანდრია გაბუნიას გარდასახული ლელოთი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. ‘ხარებმა’ 32:21 იმარჯვა.
RUGBY.GE