სუპერლიგის მე-5 ტური გრძელდება. დაკარგული ქულებით თანაბრად და ლიდერებში მყოფი გუნდების მატჩს გორმა უმასპინძლა. ივერიონი შინ თამაშობდა და, ცხადია, ფავორიტად ითვლებოდა, მით უფრო, რომ გორელებს ზედიზედ 3 მოგება უმაგრებდათ ზურგს. რაც შეეხებათ ბათუმელებს, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს ივერიონთან შეხვედრამდე 3 მატჩიდან 2 მოგება ჰქონდა. შეხვედრა მასპინძლებისთვის არასახარბიელოდ წარიმართა. ბათუმმა ძალიან გამართულად, შედეგიანად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა – 104:87 (სტატისტიკა).
დავით როგავას გაწვრთნილ გორელებს სოლიდური დანაკლისი ჰქონდა. რთული ტრავმის გამო გუნდიდან წავიდა ჯოშ ერლი, ხოლო რევაზ როგავამ ტრავმა ვერ მოირჩინა. ბათუმელებმა კარგად გამოიყენეს ივერიონის დანაკლისი და მიზანმიმართული ტაქტიკით უპირატესობა მოიპოვეს. შედეგიანად თამაშობდა ილია ლონდარიძე, რომელმაც პირველ პერიოდში 10 ქულა ჩააგდო, უკანა ხაზში კი ერთმანეთზე შედეგიანად თამაშობდნენ ამარი ჰენდრიქსი და ჯექსონ ბრენჩლი.
გორელთა ლიდერი, რეჯი მესიდორი მჭიდრო დაცვის გამო შეზღუდული იყო, რის გამოც უფრო პასების გაცემით იყო დაკავებული. აქტიური იყო ივერიონის ცენტრი, ივანე მეგენეიშვილი, თუმცა არანაკლებ ყოჩაღობდნენ ზემოთნახსენები ლონდარიძე და მოედანზე მეორე ნახევარში გამოსული კოდი ბეარი. სადებიუტო ჩამორჩენა გორელებმა პირველი ნახევრის ბოლოს თითქმის აღმოფხვრეს, თუმცა მესამე პერიოდიდან ბათუმელებმა ისევ შედეგიანად შეუტიეს და დაცვაც გაამაგრეს.
მეორე ნახევარში თავი ისახელა ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ჯექსონ ბრენჩლიმ, რომელმაც უხვად აგროვა ქულებიც, მოხსნებიც და პასებიც. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გორელებმა თამაში უშანსოდ წააგეს. ბოლო პერიოდში აჭარული გუნდის ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა.
ბათუმელთაგან საუკეთესო შედეგი ბრენჩლიმ დააფიქსირა, რომელმაც 21 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. 24 ქულა დააგროვა ამარი ჰენდრიქსმა, ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. ივერიონში 30 ქულითა და 9 მოხსნით მეგენეიშვილი გამოირჩა. 13 ქულა და 11 პასი მესიდორის ანგარიშზე დაგროვდა. 13 ქულა მიითვალა ნიკა დარბაიძემ.
მე-5 ტური 10 ნოემბერს 2 მატჩით დასრულდება. რაში კავკასიას დიღმის არენაზე ეთამაშება, ქუთაისი კი ორბს უმასპინძლებს.
GBF.GE