ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდის „რეალმა“ პამპლონას „ოსასუნას“ უმასპინძლა, რომელიც 4:0 გაანადგურა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა.
კარლო ანჩელოტის გუნდს „ბარსელონასა“ და „მილანთან“ წაგებების შემდეგ გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, მიზანსაც მიაღწიეს. პირველი ტაიმის მიწურულს ვინისიუსმა და ჯუდ ბელინგემმა ორჯერ გაუტანეს მეტოქეს.
მეორე ნახევარში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კიდევ ორჯერ გამოიჩინა თავი და ჰეთ-თრიქი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ „რეალში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა 21 წლის რაულ ასენსიომ, რომელიც ტრავმირებული ედერ მილიტაოს ნაცვლად ჩაერთო თამაშში და სულ მალე, ბრწყინვალე საგოლე პასი გაუკეთა ბელინგემს.
სხვათა შორის, „სამეფო კლუბს“ პირველივე ტაიმში მილიტაო, როდრიგო და ლუკას ვასკესი დაუშავდა. მათი დაზიანების ხარისხი ჯერ უცნობია.
„რეალი“ 27 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი, სანაკრებო პაუზის შემდეგ 24 ნოემბერს, სტუმრად „ლეგანესთან“ ჩაატარებს.