ქუთაისის ‘არესმა’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ წინააღმდეგობა დასკვნით მეოთხედში გატეხა და crocobet დიდი 10-ის მე-8 ტურის პირველ შეხვედრაში ბონუს-ქულით, 49:32 გაიმარჯვა.
შედეგად, ‘არესი’ მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილში გალიდერდა და შეინარჩუნებს თუ არა ამ პოზიციას ხვალ, ქუთაისის ‘აიასა’ და ბოლნისის ‘ყოჩების’ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. ‘არესს’ 30 ქულა აქვს და 3-ით უსწრებს ‘აიას’. ‘ტაოს’ 13 ქულა დარჩა და ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა.
კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ‘ტაომ’ მეტოქეს ასპინძის ნაცვლად თბილისში, “რაგბი პლატოზე” უმასპინძლა. შეხვედრა უხეში გამოდგა. საბა აბულაშვილმა ყვითელი ბარათი მასპინძელთა 5 და სტუმართა 3 მოთამაშეს აჩვენა. გარდა ამისა, ქუთაისელებმა 3, ხოლო ასპინძელებმა ერთი საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს.
ანგარიში მე-3 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ქუთაისელებმა მოედნის ცენტრიდან ხელდახელ შეუტიეს, რამდენიმე ფაზის შემდეგ მარცხენა ფრთაზე ხაზი გაიჭრა და არჩილ იაშაღაშვილის ოფლოუდის შედეგ გუგა მარგველაშვილმა ლელო გაიტანა. თამაში ორმხრივი შეცდომებით გაგრძელდა და ‘ტაომ’ მე-14 წუთზე უპასუხა. ფეხით თამაშის შემდეგ, მარგველაშვილის ხელიდან ბურთი საბა ნიკოლეიშვილს მიუვიდა, რომელმაც ლელომდე 50 მეტრი ირბინა და ლუკა ზუხბაიამ გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა.
ამის შემდეგ ‘არესს’ დისციპლინის პრობლემები დაეწყო. მე-19 წუთზე სინბინით პიტა იავი მაი დაისაჯა. 23-ე და 25-ე წუთებზე ზუხბაიამ და გიორგი თევდორაძემ ჯარიმები გაცვალეს, 27-ე წუთზე სალელოვე შეტევის ჩაშლისთვის ყვითელი ბარათი არჩილ იაშაღაშვილმა მიიღო, რასაც 1 წუთში ანალოგიური ჯარიმისთვის საჯარიმო ლელო და მარგველაშვილის სინბინი მოყვა.
2 წუთის განმავლობაში 12 და თითქმის ტაიმის ბოლომდე 13 კაცის ამარა მოთამაშე ‘არესმა’ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება და 34-ე წუთზე თევდორაძის ჯარიმით ჩამორჩენის შემცირებაც. 38-ე წუთიდან უკვე ‘ტაოს’ უმტყუნა დისციპლინამ. გიორგი მანჩხაშვილის სინბინის შემდეგ, ‘არესმა’ მძლავრი მოლით შეუტია, რომელმაც დიდი მანძილი დაფარა და საბოლოდ საჯარიმო ლელოთი დასრულდა, რასაც იროდიონ ქუცნიაშვილის სინბინი მოყვა - 17:18.
მეორე ტაიმი 3 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ‘ტაომ’ ყვითელი ბარათით კიდევ ერთი მოთამაშე, თორნიკე ზოიძე დაკარგა. ‘არესმა’ შერკინება ირჩია, საიდანაც გამოხშირულ დაცვას ხელდახელ შეუტია და არჩილ იაშაღაშვილი ლელოს აუცილებლად გაიტანდა, რომ არა რატუ მელი ტურანგათას მაღალი ბოჭვა. შედეგად, ‘ტაო’ მეორედ დაისაჯა საჯარიმო ლელოთი, ტურანგათამ კი ყვითელი ბარათი მიიღო და ასპინძელები მოედანზე გარკვეული დროით 11 კაცის ამარა დარჩნენ.
ასეთი დიდი რიცხობრივი უპირატესობით ახლა ‘არესმა’ ვერ ისარგებლა და რეზი ბროძელმა 51-ე წუთზე ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა - 20:25. ორიოდე წუთში, უკვე 13-კაციან მეტოქეს ლამაზი ხელდახელ შეტევის შემდეგ ლელო ნიკა ძნელაძემ გაუტანა. ‘ტაომ’ იქვე, 55-ე წუთზე უპასუხა, გიორგი ნავროზაშვილმა ხაზი სუფთად გაჭრა, კარგად იარა და მისი ოფლოუდით ლელო ლაისიასა მბონგინდრაუმ მიითვალა, რითაც ჩამორჩენა ისევ 5 ქულამდე დაიყვანა (25:30).
დასკვნით მეოთხედში ‘არესმა’ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. 63-ე და 74-ე წუთებზე ძალისმიერი ლელოები შეცვლაზე შესულმა ბურჯმა რუსლან გიგაშვილმა გაიტანა და ერთ-ერთი იაშაღაშვილმა გარდასახა, ხოლო 78-ე წუთზე ‘არესის’ მოლმა კიდევ ერთი საჯარიმო ლელო გამოიმუშავა.
პაატა ბურჭულაძის სინბინის გამო კაცნაკლულმა ‘ტაომ’, გაწითლებულ დროზე რეზი ბროძელის ლელოთი და საბა ბუხრიკიძის გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა, მაგრამ ‘არესმა’ 3-ით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულა მაინც მოიპოვა - 32:49 (4:7 ლელოებით). მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი თევდორაძე გახდა.
RUGBY.GE