ფეხბურთი

12:15 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის ცნობილია. ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნულ გუნდს ევრო 2024-ის შემდეგ პირველად დაუბრუნდნენ ანზორ მექვაბიშვილი და ნიკა კვეკვესკირი, რომლებსაც ტრავმები ჰქონდათ, მაგრამ გამოჯანმრთელდნენ და ნაკრების დასახმარებლად მზად არიან. გუნდს ასევე დაუბრუნდა საბა ლობჟანიძე, რომელიც ოქტომბერში სანიოლის განაცხადში არ იყო.

ფრანგმა სპეციალისტმა გამოიძახა საბა გოგლიჩიძეც, რომელსაც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ U21 ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვს, როგორც ჩანს, გოგლიჩიძე მაინც ეროვნულ ნაკრებთან ერთად იქნება.

უკრაინასთან მატჩში დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს ლაშა დვალი, რომელიც გუნდს ჩეხეთთან მატჩისთვის შეუერთდება. გუნდი შეკრებას 11 ნოემბერს საგურამოში დაიწყებს, შემდეგ კი, ბათუმში გადაინაცვლებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4. ამრიგად, დასკვნითი ორი ტურის წინ გადაწყვეტილი არაფერია.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.

0.123176