ფეხბურთი

19:30 | 5.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლატვიასთან მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიასთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2026-ის თანამასპინძელ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს 6 და 7 ნოემბერს გამართავს. მატჩისწინა ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა 5 ნოემბერს, თამაშების მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა.

მოახლოებული მატჩების შესახებ შესახებ ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე დასკვნითი ამხანაგური მატჩების მნიშვნელობას.

ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ბოლო საკონტროლო მატჩები გვაქვს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე. ვფიქრობ, ეს ორი თამაში ძალიან გამოგვადგება, რომ დავინახოთ ჩვენი პლიუსები და მინუსები. ამ მომენტისთვის ნაკრებმა ექვსი ამხანაგური ჩაატარა, რასაც ლატვიასთან ორი თამაში დაემატება. ეს ძალიან გვეხმარება შეთამაშებაში. ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და დეკემბრის მატჩებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ".

ირაკლი თოდუა (ფუტსალის ნაკრების წევრი): "ლატვიასთან თამაშებისთვის მზად ვართ. ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს მატჩები კოსოვოსთან და საფრანგეთთან თამაშებისთვის მოსამზადებლად. ნაკრების ფორმით თამაში უდიდესი პატივი და სიხარულია. ნაკრების კაპიტნის რანგშიც, როგორც ყოველთვის, მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და გუნდის თითოეული წევრი ქვეყნის ღირსების დასაცავად".

საქართველო - ლატვიის ორივე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)

წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი) შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), შალვა ცირამუა (არმია), არჩილ სებისკვერაძე (ბჩ გომელი, ბელარუსი) ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია), ნიკა ხარატიშვილი (კსუ)

NAKREBI.GE

0.11609