კალათბურთი

16:21 | 5.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ახალი ამერიკელი ლეგიონერი ჰყავს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა: ამერიკელმა კამარ ბოლდუინმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ის მზადაა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას. ახლა საბოლოო სიტყვა მთავარ მწვრთნელზე, სერბ ალეკსანდარ ჯიკიჩზეა, რომელსაც მომავალი სანაკრებო მატჩებისთვის ორ ამერიკელს შორის შეუძლია არჩევანის გაკეთება – კამარ ბოლდუინთან ერთად საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება აქვს ქართული პასპორტის მქონე ჯო ტომასონსაც, რომელმაც უკვე ითამაშა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ტურნირის საწყის 2 მატჩში.

კამარ ბოლდუინი გამთამაშებელია ესპანური „ბასკონიას“ ღირსებას იცავს. ბოლდუინი ესპანეთის ჩემპიონატთან ერთად ბასკონიელებს ევროლიგაშიც ეხმარება. კამარი 27 წლისაა და ევროპაში მთლიანობაში მე-4 პროფესიულ სეზონს ატარებს. ბასკონიაში ის ამ სეზონის წინ გადავიდა, მანამდე კი თურქული „ტურკ ტელეკომის“ (2020-2021), გერმანული „გიოტინგენის“ (2022-2023) და იტალიური „ტრენტოს“ (2023-2024) ღირსებას იცავდა.

კამარ ბოლდუინის ევროპული კარიერა სტატისტიკის პროპორციულად, აღმავალი გზით მიმდინარეობდა. საუკეთესო იყო მისი ასპარეზობა 2023-2024 წლების ULEB-ის ევროთასზე, სადაც ბოლდუინი იტალიური „ტრენტოს“ ღირსებას იცავდა და 16 მატჩში საშუალოდ 15.2 ქულას და 4.5 პასს აკეთებდა. სწორედ ამ წარმატებული სეზონის შემდეგ დაინტერესდა მისით ევროლიგის ესპანური წარმომადგენელი და კამარ ბოლდუინმა „ბასკონიასთან“ კონტრაქტი გააფორმა.

კამარ ბოლდუინი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენცია – Big East- ში თამაშობდა, სადაც „ბატლერის“ უნივერსიტეტის გუნდის ღირსებას იცავდა და 4 სეზონის განმავლობაში საშუალოდ მოგროვებული 17 ქულითა და 3 პასით ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის რამდენჯერმე მოხვდა კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში.

ბასკონიაში ბოლდუინის მიმდინარე სეზონის სტატისტიკა ასეთია: ესპანეთის ჩემპიონატში ბოლდუინმა 2 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 31 წუთში 15 ქულას, 5 პასს, 3 მოხსნას და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. ევროლიგაში ბოლდუინმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალოდ 16 წუთს თამაშობს და 6.1 ქულას, 3.3 პასს და 1.4 მოხსნას აგროვებს.

GBF.GE

0.11366