რაგბი

19:47 | 4.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყოჩები 27:18 ლელო

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘ლელო სარასენსს’ 27:18 სძლია და crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ დიდებულიძეს შეგირდებმა ორივე ჯერზე „სარბიელის სინის“ მფლობელი დაამარცხეს და შესაბამისად, მეორედ დაეუფლნენ მას. ამ გამარჯვების შემდეგ ‘ყოჩებს’ სატურნირო ცხრილში 9 ქულა მოუგროვდათ და მართალია კვლავაც ბოლო ადგილზე რჩებიან, მაგრამ ახლა მე-9 პოზიციაზე მყოფ ‘ლელოს’ მხოლოდ 2 ქულითღა ჩამორჩებიან.

კონკურენტების, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფი გუნდების შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა და მან მატჩის მსვლელობას თავისი ხელი დაატყო. მასპინძელი ‘ყოჩები’ დებიუტსა და დასკვნით ფაზაში დომინირებდა, ‘ლელო’ კი სათამაშო უპირატესობას პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში ფლობდა.

პირველ ტაიმში ქარი ზურგს ბოლნისელებს უმაგრებდა, რითაც მათ მეტოქის 22-ში მოიკიდეს ფეხი და ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ჯაბა ბრეგვაძემ წყვილი ლელო გაიტანა. მე-7 წუთზე მან 5 ქულით 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი დააგვირგვინა, 4 წუთში კი ასევე 5-მეტრიანი დერეფნიდან ‘ყოჩებმა’ კარგი კომბინაცია გაითამაშა, მოლის იმიტირების შემდეგ ბურთი მოკლე ფრთაზე ბრეგვაძეს დაუბრუნდა, სამი მცველის წინააღმდეგობის მიუხედავად ლელოში დაამიწა.

სოსო მათიაშილმა ერთი გარდასახვა გამოიყენა და 21-ე წუთზე ბურჯ დავით ქუნთელიას სინბინის შემდეგ მონაგარს 45 მეტრიდან ჯარიმაც შემატა, მაგრამ მერე შეტევების დალაგება გაუჭირდა, დისციპლინური პრობლემები შეექმნა და გელა ხელაძემ 3 ცდიდან ორი ჯარიმა გაიტანა - 15:6.

ამას ისიც დაერთო, რომ ჟორა მღებრიშვილი სინბინით დაისაჯა და ‘ლელომ’ რიცხობრივი უპირატესობით მეორე ტაიმის საწყის 8 წუთში ისარგებლა. 44-ე წუთზე ძალისმიერი ლელო გუგა ღანიაშვილმა გაიტანა, 48-ეზე თავი ვაჟა მაისურაძემ გამოიჩინა, ხელაძემ ერთი გარდასახა და სტუმრები 3 ქულით დაწინაურდნენ. ‘ყოჩები’ გამოცოცხლდა, შერკინებაში დომინირებით ისარგებლა და მალე 2-კაციანი რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა. ყვითელი ბარათი ჯერ ბექა გელხვიძემ მიიღო, მერე დავით ქუნთელიამ, რომლისთვისაც ის მეორე აღმოჩნდა და წითელ ბარათად გადაიქცა.

მორიგ შერკინებას ბოლნისელთა სასარგებლოდ საჯარიმო ლელო მოყვა, ხოლო ტაიმის შუაში ნიკოლოზ რეხვიაშვილმა თემურ ჭიჭინაძის კარგი გადაცემით ისარგებლა და ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ყოჩებმა’ 27:18 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლოზ გოცაძე გახდა.

RUGBY.GE

0.122528