რაგბი

12:50 | 4.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ მაქსიმალური შედეგით ლიდერობს

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მე-5 ტური არასრული გამოდგა. ‘აიას’ ლამის ნახევარ გუნდს თავს ვირუსული ინფექცია დაატყდა, რის გამოც სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტმა რიონისპირელებს დებულებით გათვალისწინებული თხოვნა დაუკმაყოფილა და ‘ბათუმი’-‘აიას’ შეხვედრა გადადო, რომლის ხელახალი გამართვის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

‘აიას’ უთამაშებლობამ, ‘ლელოს’ სალიდერო პოზიციები კიდევ უფრო განამტკიცა. ჩემპიონმა მიჯრით მე-5 მატჩიც პრემიალური ქულით მოიგო, მაქსიმალურ 25 ქულას მოუყარა თავი და მეორე ადგილზე ანაცვლებულ ‘ხვამლს’ 7 ქულით უსწრებს. ‘აიამ’ კი 16 ქულით ცხრილში ჯერჯერობით მე-3 პოზიციაზე ჩაინაცვლა.

სეზონში მეორე მოგებამ ‘ხარები’ 10 ქულით მოწინავე კვარტეტში დააბრუნა. ‘ხარებს’ თანარეგიონელი ‘ყოჩები’ 1 ქულით ჩამორჩება. ‘არმიამ’ 6 ქულით მე-6 პოზიციაზე ჩაინაცვლა და ცხრილის ბოლო 2 საფეხურზე მყოფ ‘ბათუმსა’ და ‘ლოკომოტივს’ 1 ქულით უსწრებს.

‘არმია’-‘ლელოს’ დედაქალაქური დერბი მესამე მასივში გაიმართა. ობიექტურ მიზეზთა გამო ‘ლელოს’ დამრიგებელ ზურა ხორბალაძეს შერეული შემადგენლობის გამწესება მოუხდა და თამაშის ჩვეულ რიტმში გადასაყვანად ჩემპიონს გარკვეული დრო დაჭირდა. მართალია, არმიამ’ ლელოს გატანა ვერ მოახერხა, თუმცა ჭაბუკი „არმიელები“ ტაიმნახევარი ფავორიტს ჯეროვან წინააღმდეგობას უწევდნენ.

მატჩის დებიუტში ‘ლელო’ მარბიელ თეოდორე კილაძის გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, რასაც „არმიელთა“ ჰავბეკი კაპიტნის გიორგი მიშელაძის მიჯრით 3 გატანილი ჯარიმა მოჰყვა. ‘ლელომ’ სისწრაფეს უმატა, დომინანტური ბოჭვებიც გაახშირა და შესვენებამდე მეტოქეს კიდევ 2 ლელო დაუდო (კვაჭი ნიკა ღარიბაშვილი და ფრთა დემეტრე დურგლიშვილი). მეორე ნახევარი ჩემპიონის სრული კარნახით წარიმართა. ‘ლელომ’ „არმიელები“ ეულ გატანილ ჯარიმას დააჯერა, საკუთრივ კი მონაგარს შუამარბ ლუკა ჭურაძისა და მარქაფადან ჩართული კვაჭის დავით ხიზანიშვილის დადებული ლელოები შემატა. ‘ლელოს’ მგეზავმა ალეკო აბულაძემ 5-ივე გარდასახვა გამოიყენა - 35:12.

რუსთავის ‘ხარებს’ ლაზარეთი შეუთხელდა, რამაც გიორგი ზირაქაშვილის ბიჭებს 3-მატჩა მარცხიანი სერია დაასრულებინა. ‘ხარებმა’ დედაქალაქურ ‘ლოკომოტივს’ მშობლიურ „ხარები არენაზე“ უმასპინძლა და შესვენებამდე 10 უპასუხო ქულა აიღო. შუამარბ დავით მაკოევის დადებული ლელო გიორგი სვანიძემ გარდასახა, რასაც მასპინძელთა ჰავბეკმა 1 გატანილი ჯარიმაც დაურთო.

მეორე ტაიმში ‘ხარებმა’ მიჯრით 3 გატანილი ლელოთი ანგარიშში უპირატესობა 27 ქულამდე გაზარდა და მცირედით მოდუნდა, რითაც „რკინიგზელებმა“ კარგად ისარგებლეს. მარქაფადან ჩართული უკანახაზელი ნიკოლოზ ქურდაძისა და მარბიელი კაპიტნის ლუკა ჩიტაძის გარდასახული ლელოებით ‘ლოკომოტივმა’ სამატჩო ქულათა დეფიციტი გაანახევრა, თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძელთა ფრთა გიორგი ქარუმიძის გატანილმა ლელომ ‘ხარებს’ შეხვედრა პრემიალური ქულით მოაგებინა - 32:14.

ტურის დასკვნითი შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა, სადაც ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ‘ხვამლს’ უმასპინძლა. შეხვედრა მუხიანელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ქვემო ქართლელთა მონაგარმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მგეზავ ზურა დემეტრაძის გატანილი ეული ჯარიმა შეადგინა. ‘ხვამლმა’ მეტოქეს 7 უპასუხო ლელო დაუდო. მუხიანელთა წარმატებას საფუძველი მარბიელ ნიკუშა თექთურმანიძის გატანილმა ლელომ ჩაუყარა, წერტილი კი მარქაფადან ჩართული შუამარბის საბა ღუღუნიშვილის დადებულმა ლელომ დაუსვა. ‘ხვამლის’ ფრთა ზურა ათოშვილი „დუბლით“ გამოირჩა - 39:3.

RUGBY.GE

0.145351