რაგბი

13:32 | 4.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ლიდერი ‘გორი’ მდევრებს 7 ქულით მოწყდა

პირველი ლიგის მე-6 ტურის შემდეგ ‘გორმა’ 29 ქულით ლიდერობა განიმტკიცა. შიდა ქართლელები მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩებიან. ‘გორმა’ პირველობის 6-ივე შეხვედრა მოიგო და პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 1 მატჩში ვერ მოახერხა. ლიდერს მდევრები ‘ვეფხვები’ და ‘წიქარა’ 7 ქულით ჩამორჩნენ. გარე კახელები დებიუტანტს პირისპირ ბალანსით აღემატებიან და ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ.

‘მათემ’ 17 ქულით მე-4 პოზიცია გაიმყარა და მდევარ ‘რუსთავს’ კვლავ 2 ქულით უსწრებს. ‘ლოკომოტივი’ 14 ქულით პლეი ოფის ზონაში, მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. ‘არწივებმა’ 11 ქულას მოუყარა თავი და მე-7 პოზიცია შეინარჩუნა. გურულები მე-8 და მე-9 ადგილებზე მყოფ ‘ფოთსა’ და ‘დინოზავრს’ შესაბამისად 2 და 3 ქულით უსწრებენ. აუტსაიდერი ‘აკადემია-ლაშარი’ კი პირველობას კვლავაც საცხრილო ქულის გარეშე აგრძელებს.

„რაგბი პლატოზე“, პირველობის აუტსაიდერი ‘აკადემია-ლაშარი’ ლიდერ ‘გორს’ დაუპირისპირდა. შიდა ქართლელები უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაუფლნენ და 40 უპასუხო ქულით საქმე პრაქტიკულად პირველივე ტაიმში მოამთავრეს. გორელთა წარმატებას სათავე ფიჯელი ფულბეკის რაფაელე ტუნიდაუს მიჯრით გატანილმა წყვილმა ლელომ დაუდო. „დუბლი“ ასევე სტუმართა მარბიელმა ნიკა წივწივაძემ და ფრთა დავით მთვარაძემ გაიფორმეს. აუტსაიდერი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს მეორე ტაიმში შუამარბ ლევან ბრაგვაძის გატანილი ლელოთი გადაურჩა - 66:7.

ტურის გამორჩეული შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ‘წიქარა’ და პატარძეულის ‘ვეფხვები’ დაუპირისპირდა. ცხრილში მეზობლად მყოფი მეტოქეების შეხვედრა უაღრესად დაძაბული, თვალსასეირო და უხვქულიანი გამოდგა. გარე კახელებმა მეტოქეზე 1-ით მეტი, 5 ლელო გაიტანეს, რამაც პრაქტიკულად მატჩის ბედი გადაწყვიტა.

მართალია, პირველი ტაიმი ‘ვეფხვებმა’ 3 გარდასახული ლელოთი 14 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა ‘წიქარამ’ დიდი ბრძოლის შედეგად, ფიჯელი შუამარბის ლისალა ნასეგეს დადებული ლელოთი, შეხვედრის დამთავრებამდე 12 წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. გარე კახელებს მხსნელად კვაჭი ანტონ ცილიკური მოევლინათ, ვინაც „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და თან გამარჯვების მომტანი ძალისმიერი ლელოც მის ანგარიშზეა. გარე კახელთა ფრთა ტატო ბურთიკაშვილმა 5-ივე გარდასახვა გამოიყენა. ‘ვეფხვებმა’ მატჩი 35:28 მოიგო, ‘წიქარა’ კი ნუგეშ-ქულას დაჯერდა.

„ხარები არენაზე“, ‘რუსთავისა’ და წყალტუბოს ‘დინოზავრის’ შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. გიორგი ზაბახიძის შეგირდები მეტოქეს თამაშის ორგანიზაციასა და სტატიკაში აღემატებოდნენ. ქვემო ქართლელთა წარმატებას სათავე რამაზ ხარაზიშვილის დადებულმა ლელომ დაუდო. შესვენებამდე ‘რუსთავმა’ კიდევ 3 ლელო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 24 ქულამდე გაზარდა.

იმერლებმა პირველი სამატჩო ქულები ტაიმის ბოლო წუთზე ფრთა გიორგი შარაშენიძის გატანილი ლელოთი აიღეს. მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა. მასპინძელთა ფიჯელმა ფულბეკმა ნავიტალაი ტუილავამ წყვილი ლელო გაიტანა და შეხვედრა „ჰეთ-თრიკის“ თანხლებით ჩაამთავრა. ‘რუსთავმა’ მატჩი პრემიალური ქულით მოიგო - 38:10.

ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე, ‘მათემ’ ‘ფოთს’ უმასპინძლა. ტაიმნახევარმა გარდამავალი უპირატესობით, თანაბარ ბრძოლაში განვლო. საათის თავს ფრთა გიორგი ზუბიაშვილის გარდაუსახავი ლელოთი კოლხები 4 ქულით დაწინაურდნენ. მატჩის დასკვნით მონაკვეთში კი სრულად ზემო იმერლები დომინირებდნენ და მთლიანობაში კოლხებზე 3-ით მეტი, 5 ლელოს გატანა მოახერხეს. ‘მათე’ აქცენტს სტატიკაზე აკეთებდა და მარქაფადან ჩართულმა კვაჭმა ნიკა შალიკაშვილმა ძალისმიერი ლელოებით „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. შალიკაშვილის დადებულმა მესამე ლელომ ‘მათეს’ შეხვედრა პრემიალური ქულით მოაგებინა - 29:19.

ტურის დასკვნითი შეხვედრა ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ‘არწივებმა’ ქვეყნის 10-გზის ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’ უმასპინძლა. კოკისპირული წვიმის შედეგად მოედნის დამძიმებულ გრუნტს ალღო უკეთ გურულებმა აუღეს და საათის თავს მასპინძელთა უპირატესობა 11 ქულას შეადგენდა. ‘არწივების’ მგეზავ ბაჩანა ძოძუაშვილის დადებული ლელო ოთარ მჟავიამ გარდასახა, რასაც მასპინძელთა ფრთის მოთამაშემ 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო.

‘ლოკომოტივი’ არ შედრკა, შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე მატჩის შემოტრიალება შეძლო. ჯერ „რკინიგზელთა“ ბურჯმა თენგო მახათაძემ „დუბლი“ შეასრულა, რასაც მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე სტუმართა მარბიელი კაპიტნის რამაზ ბენდელიანის გამარჯვების მომტანი ლელო მოჰყვა. ‘ლოკომოტივმა’ მატჩი 19:16 მოიგო და ‘არწივები’ ნუგეშ-ქულას დააჯერა.

RUGBY.GE

0.124635