ფეხბურთი

19:20 | 3.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, რადგან რეალისტი ვარ, წაგება პროცესის ნაწილია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ატალანტასთან“ მატჩის (0:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა წაგება პროცესის ნაწილია და „ატალანტა“ დღეს უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე „ნაპოლი“.

„ბიჭებს ვერაფერს დავაბრალებ, ყველაფერი გაიღეს. ძლიერ მეტოქესთან წავაგეთ, არა იმიტომ, რომ მონდომება გვაკლდა. წავაგეთ გუნდთან, რომელმაც ევროპა ლიგის ფინალი დაუმარცხებელ „ლევერკუზენთან“ მოიგო. სათქმელი არაფერია, უბრალოდ მეტოქეს უნდა მივულოცოთ.

როცა ვლაპარაკობ, სიმართლეს ვამბობ, მძულს ტყუილის თქმა და იმის ლაპარაკი, რასაც არ ვფიქრობ. მოგვწონს თუ არა, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. აქ ვართ სამუშაოდ, გუნდის რეკონსტრუქციისთვის, პრეზიდენტმა ეს თქვა სეზონის დასაწყისში. მოთმინება და სიმშვიდე გვჭირდება, მეტოქემ გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო, უფრო ძლიერ და სტრუქტურირებულ გუნდთან წავაგეთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს მასზე ძლიერი ვერ ვიქნებით. ვეცდებით, რომ დონე ავიმაღლოთ.

არ მეშინია, რომ ეს მარცხი გუნდზე ფსიქოლოგიურად იმოქმედებს, რადგან რეალისტი ვარ. დამარცხება პროცესის ნაწილია, ასეთი წარუმატებელი დღეები გვჭირდება კიდეც, ვცდილობ რეალისტი ვიყო. „ინტერი“ კიდევ უფრო ძლიერია, რომელსაც კვირას ვეთამაშებით. ჩვენ არც აქამდე ვიყავით ფენომენალური გუნდი, მაგრამ ამ მარცხის მერეც არ ვართ იმაზე ნაკლები, ვიდრე ამ მატჩამდე ვიყავით“, - თქვა კონტემ.

„ნაპოლი“ 25 ქულით პირველ ადგილზეა და ამ ტურში ლიდერობის დაკარგვის საფრთხე არ აქვს, ხოლო მომდევნო ტურის მატჩს 10 ნოემბერს, სტუმრად მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.103249