crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. მე-7 ტურამდე ასეთი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ‘აია’ იყო, თუმცა ქუთაისურ დერბიში მას ‘არესმა’ 37:31 სძლია.
თამაში დაძაბული და კარგი საყურებელი გამოდგა. „აია არენაზე“ შეკრებილმა ქომაგმა ჯამში 9 ლელო იხილა და მათი უმრავლესობა ლამაზი კომბინაციის შედეგად გავიდა. რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი, ნომინალურმა მასპინძელმა ‘არესმა’ კი გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა.
თამაში ‘არესის’ შეტევებით დაიწყო და რომ არა მცირედი უზუსტობა, ლელო დებიუტშივე გავიდოდა. ანგარიში მაინც არესელებმა გახსნეს, გუგა მარგველაშვილმა არეკნი ზუსტად შეასრულა. ორიოდე წუთში ‘არესი’ სწრაფად გადაერთო კონტრშეტევაზე და გივი ლეჟავამ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, რასაც გიორგი თევდორაძის ზუსტი გარდასახვა მოყვა.
‘აია’ თამაშში სწრაფად დაბრუნდა. უკვე მე-9 წუთზე გიორგი ბაბუნაშვილის გრძელი გადაცემით თემურ კოხოძემ ისარგებლა, რომელიც ფრთაზე ორ მბოჭავს დაუსხლტა და მისი ლელო ბაბუნაშვილმა გარდასახა, რომელმაც ორიოდე წუთში ჯარიმით წონასწორობაც აღადგინა.
მე-15 წუთზე ‘არესი’ ისევ დაწინაურდა. ფრთაზე დიდი სივრცე დარჩა, სადაც ბურჯი ბაქარ ბურჯალიანი გაიქცა და ლელო ალამთან გაიტანა. ტაიმის შუაში ჯიუტა მბატირერენგას კარგი კონტაქტის შემდეგ ‘აიამ’ შეტევა ხაზზე გაშალა და რამდენიმე პასის შემდეგ ელგუჯა მახარეიშვილმა ლელო გაიტანა. ბაბუნაშილმა გარდასახა და თავისიანები დააწინაურა. ჩემპიონმა უპირატესობა 25-ე წუთზე გაიმყარა. მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, იქ იერიშში ოთარ მეტრეველი მაღალ სიჩქარეზე ჩაერთო და ხაზი სუფთად გაჭრა. ბაბუნაშილი ამჯერადაც ზუსტი იყო და ნომინალური სტუმრების უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა.
თევდორაძეს 32-ე წუთზე შეეძლო ჯარიმით სხვაობის შემცირება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, ერთ წუთში მარგველაშვილმა მოშიშვლებულ ზურგში გადაკიდა ბურთი, მას ჯოსევანი ნდრავა მიყვა და ლელო გაიტანა. თევდორაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. 36-ე წუთზე ‘არესი’ რეზი ბაკურაძის სინბინის გამო მოედანზე კაცნაკლული დარჩა. მერე მოთამაშეები წაკინკლავდნენ და საბა მახარაძემ ‘არესიდან’ ნდრავა, ხოლო ‘აიადან’ ირაკლი სიმსივე გაასინბინა. მიუხედავად იმისა, რომ ‘არესი’ კაცნაკლული იყო, ზედ შესვენების წინ თევდორაძის ფრთაზე გადაკიდებული ბურთი ლელოში ნიკა ძნელაძემ დაამიწა და ტაიმი 27:24 დასრულდა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც არჩილ იაშაღაშვილმა 50/22 გაახერხა, თევდორაძე ყველაზე სწრაფად გაერკვა სიტუაციაში, დერეფნიდან ბურთი სწრაფად შემოაგდო და თავისივე ლელო რთული პოზიციიდან გარდასახა. ‘აია’ გააქტიურდა და რამდენჯერმე ლელოსთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ‘არესმა’ თავი დაიცვა და 63-ე წუთზე თევდორაძის ჯარიმით უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა.
ამ დროს ‘აია’ კაცნაკლული იყო (მბატირერენგა). მიუხედავად ამისა, 70-ე წუთზე მათ მოახერხეს შედეგიანი შეტევის განხორციელება. ბაბუნაშილმა ხაზი კოხოძეს გააჭრევინა, რომელიც აჩქარდა და ლელო გაიტანა, ბაბუნაშილმა კი გარდასახა. დარჩენილ დროში ‘არესმა’ შეძლო თამაშის საურველ რითმში გადაყვანა და 37:31 გაიმარჯვა.
მიუხედავად მარცხისა, ‘აიას’ ნუგეშ-ქულა ერგო და ჯამში 27-ით პირველ ადგილზეა. ‘არესს’ 25 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა. ქუთაისური დერბის საუკეთესო მოთამაშე გუგა მარგველაშვილი გახდა.
RUGBY.GE