ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივიცა ოლიჩმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მოგეხსენებათ, ეს გუნდები ერთმანეთს ევრო 2025-ის პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ფინალურ ეტაპზე გავა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს პირველად აქვს შანსი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე, ორი წლის წინ ითამაშა ფინალურ ეტაპზე, მაგრამ მაშინ მასპინძლის სტატუსით.
ოლიჩმა კომენტარიც გააკეთა: „ბოლო შეკრებასთან შედარებით ხუთი ახალი ფეხბურთელი გვყავს, რადგან ტრავმები აქვთ ჟივკოვიჩს და პრპიჩს, რომლებიც ვერ დაგვეხმარებიან. გამოვიძახეთ ბიუკი, ტეპშიჩი, ბადელი, სტოიკოვიჩი და ვრბანჩიჩი, რომლებმაც ეს თავიანთი თამაშით დაიმსახურეს. შეკრებას ოპტიმისტურად ვხვდებით, მაგრამ საქართველოს პატივს ვცემთ, მათ ჯგუფში შვედეთს აჯობეს, რაც აჩვენებს მათ აღმავლობას, ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, სადაც აჯობეს პორტუგალიას, ნიდერლანდებსა და ბელგიას. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, მოწესრიგებულები და აგრესიულები, ამ შემთხვევაში ჩვენს ხარისხს ვაჩვენებთ. მჯერა ამ გუნდის, ჩვენი ფეხბურთელების ნიჭის და სურვილის, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ, რაც ყველა ჩვენგანისთვის დიდი გამოცდილება იქნება“.
ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ნიკოლა ჩავლინა (ოსიეკი), ფრანკო კოლიჩი (მურა), ივან მანდიჩი (ვოკოვარი)
მცველები: მორის ვალინჩიჩი (ისტრა), ლუკა ვუშკოვიჩი (ვესტერლო), შიმუნ ჰრგოვიჩი (ჰაიდუკი), ივან ცვიანოვიჩი (ოსიეკი), მატია გუტიერესი (ელჩე), იურაი ბადელი (კრაიოვა), ნოვაკ ტეპშიჩი (ვარაზდინი)
ნახევარმცველები: ველდინ ჰოჯა (რუბინი), ლოვრო ზვონარეკი (შტურმი), ამრინ შოტიჩეკი (ბაზელი), მარკო სოლდო (ოსიეკი), ლეონ ბელკარი (ვარაჟდინი), ლუკა სტოიკოვიჩი (დინამო ზაგრები), ლუკა ვრბანჩიჩი (ლოკომოტივი)
თავდამსხმელები: გაბრიელ ვიდოვიჩი (მაინცი), სტიპე ბიუკი (ჰაიდუკი), მარინ ლიუბიჩიჩი (ლასკი), დრენა ბელიო (რაპიდი), ანტე ჩრნაჩი (ნორვიჩი), ფრანიო ივანოვიჩი (უნიონ სენ-ჟილი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხორვატიას 15 ნოემბერს, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, რიეკაში ესტუმრება.