რაგბი

16:15 | 1.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

18 წ. | განვითარებაზე ორიენტირებული

უმცროსი ბორჯღალოსნები 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე ერთი თვეა ემზადებიან.

ზედიზედ 5-გზის ჩემპიონი საქართველო, ტიტულს ჩეხეთში, 16-იდან 23 ნოემბრის ჩათვლით დაიცავს. 1/4-ფინალში ზურაბ ამონაშვილის შეგირდების მეტოქე გერმანია იქნება. თამაში ჩვენი დროით 18 საათზე (16 ნოემბერს) დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, თასის ნახევარფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები, ნიდერლანდები-რუმინეთს შორის გამარჯვებულს 19 ნოემბერს შეხვდებიან, ფინალი კი გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს გაიმართება.

მზადების დასკვნით ფაზაში გუნდს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ლეგიონერების ნაწილიც შეუერთდა. გაფართოებულ შემადგენლობაში ამჟამად 36 მოთამაშე დარჩა, რომელთაგან 26-ეს, ამონაშვილი 8 ნოემბერს დაასახელებს.

„მზადების მე-4 კვირა დავასრულეთ და დასკვნით ეტაპზე გადავდივართ. გვქონდა სამი ამხანაგური თამაში (20-წლამდელთა სელექციასთან და ორი ლელოს ჭაბუკთა ა გუნდთან), რომელთაგან პირველი ორი სრულად სელექციას დაეთმო. მესამე შეხვედრაში აქცენტი შეთამაშებაზე გაკეთდა, თუმცა სელექცია ჯერ არ დასრულებულა და გარკვეულ პოზიციებზე სელექცია გრძელდება“ - ამბობს მთავარი მწვრთნელი:

„ლეგიონერების ჩათვლით, გაფართოებულ შემადგენლობაში ამჟამად 36 მოთამაშე გვყავს, საიდანაც ტურნირისთვის 26 უნდა შეირჩეს. ვცდილობთ, რომ შემადგენლობა მაქსიმალურად დავაბალანსოთ გამოცდილი და შედარებით ახალბედა მოთამაშეებით. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან გამოცდილები, საკუთარ გამოცდილებას შედარებით ახალბედებს უზიარებენ და კონკურენციაც იზრდება, რაც ყველასთვის კარგია. ჩეხეთში მოთამაშეთა 40% იმ კონტიგენტიდან იქნება, რომელთაც გაისადაც მოუწევთ 18-წლამდელთა ტურნირებში თამაში“.

წელს 18-წლამდელები განსაკუთრებულ სეზონს ატარებენ. მათ გაზაფხულზე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე, ხოლო ზაფხულში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე ითამაშეს და ახლა მესამე ტურნირზე მიემგზავრებიან.

„ამ ასაკში მთავარი აქცენტი განვითარებაზე კეთდება და ყველა საერთაშორისო თამაშს ამ ჭრილში განვიხილავთ. ეს არის შესაძლებლობა დავინახოთ, თუ რა დონეზე ვიმყოფებით საერთაშორისო დონეზე. ევროპის ჩემპიონატზე თავდაჯერებული მივდივართ, რადგან წელს ტიერ1-ის გუნდებთან ორი ტურნირი ვითამაშეთ და ეს გამოცდილება აუცილებლად დაგვეხმარება. განვითარებასთან ერთად, მიზანი რა თქმა უნდა ტიტულის შენარჩუნებაა და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

„სამხრეთ აფრიკის ტურნირისგან განსხვავებით, ამჯერად ჩვენი მზადება საშეჯიბრო კომიტეტთან შეთანხმებით დაიგეგმა. მოთამაშეებს ჩემპიონატის თამაშებისთვის ვათავისუფლებდით და მათ კლუბებში 4-4 შეხვედრა ჩაატარეს. ამას ემატება სამი თამაში ნაკრების შემადგენლობაში. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ ვუჩივით და ვფიქრობ, ეს ჩვენს თამაშზე კარგად აისახება“.

„ბოლო თამაშმა დაგვანახა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დარჩენილ დროში ეს სისუსტეები ჩვენს ძლიერ მხარეებად ვაქციოთ. ვმუშაობთ ტექნიკურ-ტაქტიკური დეტალების დახვეწაზე და ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი მოთამაშეების ენერგიას, რათა არ მოხდეს მათი გადაღლა“ - აღნიშნავს ამონაშვილი.

18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი მადლობას უხდის კლუბებს თანამშრომლობისთვის და ამბობს:

„აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა იმ მოთამაშეების განვითარებაზე, რომლებიც ამ ეტაპზე შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ. მინდა ყველა მათგანმა იცოდეს, რომ აქ არაფერი სრულდება და პირიქით, ეს მხოლოდ დასაწყისია. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბებს, რომლებიც მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ. ჩვენ საერთო, ქართული რაგბის საქმეს ვაკეთებთ, რადგან სანაკრებო შეკრებიდან კლუბებში დაბრუნებული მოთამაშეები, მათ განვითარებაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ“.

უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: დაჩი ჭელიძე (ლელო), საბა კილაძე (ხვამლი), ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი, საფრანგეთი), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), გოჩა ფიცხელაური (ლელო), არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), ნიკოლოზ ჯინჭარაძე (ლელო), დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი), თორნიკე ტორაძე (აია), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), პაატა ჩაკვეტაძე (აია), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ლუკა ნარსია (აია), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), ლუკა გაბუნია (აია), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი არძენაძე (ბათუმი);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), გოგა უშვერიძე (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), გიგი სირბილაძე (ლელო), ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი), ნიკოლოზ ლობჟანიძე (ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), დათა ახვლედიანი (ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია), ივა კვირიკაშვილი (ლელო), ავთანდილ ზვიადაძე (აია), ანდრია ნიქაბაძე (წიქარა).

RUGBY.GE

0.120105