„მილანი“ – „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ტელეკომპანია DAZN-თან ისაუბრა. როგორც მან თქვა, იციან, რომ სკუდეტოს კიდევ ერთხელ მოგება შეუძლიათ, მაგრამ მუშაობა უნდა გააგრძელონ.
- კვარა, შენი პირველი გოლია „სან სიროზე“ და „მილანთან“, ოცნებობდი ასეთ მომენტზე?
- ამისთვის ვმუშაობ. მთავარია, რომ დღეს გავიმარჯვეთ, დიდი მენტალიტეტი ვაჩვენეთ და ვფიქრობ, მოგებას ვიმსახურებდით. გუნდის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
- სკუდეტოს მოგების გჯერათ?
- დიახ, რა თქმა უნდა. კარგად დავიწყეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ, ყველა თამაშის მოგება ვცადოთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ვიცით, რომ სკუდეტოს კიდევ ერთხელ მოგება შეგვიძლია.
- რა უთხარი ლუკაკუს, როცა „ნაპოლიში“ მოვიდა?
- ვუთხარი, რომ „ნაპოლის“ შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. მან უკვე იცოდა, რომ ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და ამით სიამოვნებას იღებს.
- ლუკაკუსთან თამაში კარგად გამოგდის?
- რა თქმა უნდა, მასთან თამაში სასიამოვნოა. შესანიშნავი ადამიანია, ძალიან თავმდაბალი და ვიცით, რომ გუნდის ლიდერია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ყველამ ვიცით.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 10 შეხვედრაში თავი 5 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. ბომბარდირთა დავაში ხვიჩას მხოლოდ მატეო რეტეგი, მარკუს ტურამი და დუშან ვლაჰოვიჩი უსწრებენ.
„ნაპოლი“ 25 ქულით ლიდერობს სერია A-ს და კონკურენტებს უკვე სერიოზული სიგნალი გაუგზავნა, რომ სკუდეტოსთვის იბრძოლებს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო ტურში 3 ნოემბერს, ბერგამოს „ატალანტას“ დაუხვდება.