სუპერლიგის მე-3 ტურის დ2 მატჩი დღეს თბილისი არენაზე გაიმართა. პირველ შეხვედრაში გაგრის “ამრამ” VSA-Basketball-ს უმასპინძლა და მატჩმა მაყურებელთა იმედები ვერ გაამართლა. სუპერლიგის დებიუტანტმა – ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა მეტოქე ისე დაამარცხა, მოედანზე ვითარება თამაშის მხრივ არ დაძაბულა. ისე კი იყო მცირე წაკინკლავება, რის გამოც მსაჯებს რამდენიმე მოთამაშისა და სათადარიგოთა სკამის წარმომადგენელთა გაფრთხილება მოუხდა, თუმცა მოედნიდან არავინ გაუძევებია.
პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა VSA-Basetball-ის ლიდერობა. აკადემიელებმა შეხვედრა 19:2 გაქცევით დაიწყეს, საწყისი პერიოდი კი 24:7 მოიგეს. დარჩენილ დროში ბორის პეტეს გაწვრთნილი გუნდის ლიდერობა 14 ქულას არ ჩამოსცდენია. შესაბამისად, ამ თამაშის მსვლელობის აღწერაც ინტერესმოკლებული იქნება. ბესო ლეჟავა ცდილობდა, ტაქტიკისა და მოთამაშეთა ცვლილებით მოედანზე ვითარება შეეცვალა, მაგრამ არ გამოუვიდა. VSA-BAsketball-ის მოთამაშეებმა თამაში ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანეს და საკუთარი უპირატესობა შედეგში ასახეს – 88:59 (სტატისტიკა) და VSA-Basketball-მა მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
გამარჯვებულთა შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა ლუკა ზაქრაძეს, რომელმაც 16 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულა და 9 პასი ჯერმეინ ჰედის ანგარიშზე დაგროვდა. 12 ქულა და 8 მოხსნა ქსავიერ ჰილ-მეისის ანგარიშზეა. ამრას შემადგენლობაში ვერც ერთმა კალათბურთელმა ვერ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. 9 ქულა და 8 მოხსნა რომა ჭინჭარაულის ანგარიშზეა. 8 ქულა გაგი მღებრიშვილმა მიითვალა.
2-დან 2 მოგებით (VSA პირველ ტურში ისვენებდა) ბორის პეტეს გუნდი ლიდერთა შორისაა. ამრას 1 მოგება და 2 მარცხი აქვს.
GBF.GE