ფეხბურთი

23:40 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

სიგიჟე "სან სიროზე": "ინტერი" - "იუვენტუსის" საოცარი მატჩი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურის ცენტრალური მატჩი, რომელიც „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის გაიმართა, გასაოცარი გამოდგა.

დრამა, ლამაზი გოლები, უამრავი მომენტი, მაღალი ხარისხის ფეხბურთი და 8 გოლი - იტალიის დიდ დერბიში აბსოლუტურად ყველაფერი იყო, რის გამოც ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა.

მე-15 წუთზე პიოტრ ჟიელინსკის გოლით ანგარიში გაიხსნა. პოლონელმა პენალტი ზუსტად შეასრულა. თუმცა, 10 წუთში უკვე „იუვენტუსი“ იგებდა. ჯერ დუშან ვლაჰოვიჩმა გაათანაბრა ანგარიში შესანიშნავი კომბინაციის შედეგად, ხოლო ცოტა ხანში ტიმოთი ვეამ გაიტანა ახლო მანძილიდან ფრანსისკო კონსეისაოს პასით და ტურინელები წინ გავიდნენ.

თუმცა, პირველი ტაიმი მაინც „ინტერმა“ მოიგო, რადგან 35-ე და 37-ე წუთებზე მილანელებმა ორჯერ გაიტანეს. ჯერ ანგარიში ჰენრიხ მხითარიანმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ჟიელინსკიმ პენალტით დუბლი შეასრულა. მეორე ნახევრის დასაწყისში „ინტერმა“ მეოთხეც გაიტანა, როცა დენზელ დუმფრისმა დალაშქრა მეტოქის კარი.

ამის შემდეგ „იუვენტუსი“ თითქოს გატყდა, „ინტერი“ ძალიან მარტივად ქმნიდა საგოლე მომენტებს და მეხუთე გოლთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო. თუმცა, ვერ გაიტანა, რისთვისაც დაისაჯა.

ცვლილებაზე შესულმა 19 წლის ქენან ილდიზმა თამაში შეცვალა. „იუვეს“ მე-10 ნომერმა კარიერაში ალბათ საუკეთესო თამაში ჩაატარა. მან ჯერ ანგარიში შეამცირა, შემდეგ ძალიან ახლო მანძილიდან ააცილა, მაგრამ 83-ე წუთზე მაინც გაათანაბრა, როცა საჯარიმოში სივრცე მიეცა და ზუსტად დაარტყა - 4:4!

იტალიურ დერბიში ამაზე მეტი გოლი ისტორიაში მხოლოდ ორჯერ გასულა, შორეულ 1932 და 1961 წლებში. ქენან ილდიზი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის დიდ დერბიში გოლი გაიტანა.

„ინტერი“ 18 ქულით მეორე ადგილზეა, „იუვენტუსს“ 17 ქულა აქვს და მესამეა, ხოლო სერია A-ს „ნაპოლი“ 22 ქულით ლიდერობს.

„იუვეს“ განვლილ რვა ტურში ერთადერთი გოლი ჰქონდა პენალტით ჰქონდა გაშვებული, ამჯერად 4 გაუშვა, თუმცა მაინც არ წააგო. მომდევნო ტურში „ინტერი“ „ემპოლის“ ესტუმრება და „იუვენტუსი“ „პარმას“ უმასპინძლებს.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 4:4 (3:2)

გოლები: 1:0 ჟიელინსკი (15, პენ), 1:1 ვლაჰოვიჩი (20), 1:2 ვეა (26), 2:2 მხითარიანი (35), 3:2 ჟიელინსკი (37, პენ), 4:2 დუმფრისი (53), 4:3 ილდიზი (71), 4:4 ილდიზი (82)

0.116281