ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვესტ ჰემთან“ დამარცხდა და მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა.
გოლები მატჩის მიწურულს გავიდა: ჯერ „ჩაქუჩები“ კრისენსიო სამერვილმა დააწინაურა, რასაც მალევე კაზემირომ უპასუხა, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯარედ ბოუენმა „ვესტ ჰემს“ გამარჯვება მოუტანა.
„ვესტ ჰემი“ 11 ქულით მე-13 ადგილზეა, მისი მეზობელია „მანჩესტერი“, რომელსაც ასევე 11 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.
ლონდონის „ჩელსიმ“ „ნიუკასლ იუნაიტედი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში ნიკოლას ჯექსონმა და ალექსანდრ ისაკმა გაცვალეს გოლები, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე კოულ პალმერმა გაიტანა და მერე არაფერი შეცვლილა. „ჩელსი“ 17 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ნიუკასლს“ 12 ქულა აქვს და მე-12 საფეხურზეა.
დღესვე, „კრისტალ პალასთან“ ლონდონის „ტოტენჰემი“ 0:1 დამარცხდა. „დეზები“ ძალიან არასტაბილურად თამაშობენ და მოგებას წაგებით ანაცვლებენ. შედეგად, „ტოტენჰემი“ 13 ქულით მერვეა, ხოლო „კრისტალ პალასმა“ მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო და 6 ქულით გასავარდნ ზონას თავი დააღწია.