ფეხბურთი

20:10 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის დუბლი ლიგა 1-ში: "ლიონმა" "ოსერს" მაინც ვერ მოუგო (+VIDEO)

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ უგოლო სერია დაასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მეცხრე ტურში „ოსერთან“ ბრწყინვალედ ითამაშა და მიღებული შანსი გამოიყენა.

მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და დუბლით გამოირჩა. მან პირველი ტაიმის მიწურულს პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თვითონვე შეასრულა და ანგარიში გახსნა.

62-ე წუთზე ჟორჟმა საიდ ბენრაჰმას შესანიშნავი პასი გამოიყენა და თავური დარტყმით მეორედ შეაგდო, „ლიონი“ ისევ დააწინაურა, იმ დროისთვის 2:1. ქართველი ფეხბურთელი 78-ე წუთზე შეცვალეს. „ლიონმა“ მიქაუტაძის დუბლის მიუხედავად, მაინც ვერ მოიგო, რადგან ასევე ორჯერ გაუშვა და ფრეს დასჯერდა (2:2).

„ოსერი“ მიმდინარე სეზონში ქართველებისთვის ბედნიერი კლუბია - სწორედ მის წინააღმდეგ სამი კვირის წინ ზურიკო დავითაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ახლა მიქაუტაძე დუბლით გამოირჩა. გავიხსენოთ, რომ ლიგა 1-ის მეცხრე ტურში დუბლი დავითაშვილმაც შეასრულა („ანჟერთან“).

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.

„ლიონი“ ლიგა 1-ში 9 ტურის შემდეგ 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1 ნოემბერს, „ლილს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.116556