ფეხბურთი

21:14 | 26.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის დუბლი ლიგა 1-ში: ზურიკო ბომბარდირებში მეოთხე ადგილზეა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურში „სენტ ეტიენი“ სტუმრად „ანჟერთან“ 2:4 დამარცხდა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი დიდებულად დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ზურიკომ მე-16 წუთზე მეტოქის კარი პენალტით დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1).

აღსანიშნავია, რომ თავიდან პენალტი „ანჟერის“ მეკარემ მოიგერია და „სენტ ეტიენმა“ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ ფეხბურთელები საჯარიმოში დარტყმამდე შევიდნენ, რის გამოც მსაჯმა გოლი გააუქმა და პენალტი თავიდან შეასრულებინა. მეორე ცდაზე დავითაშვილმა გაიტანა.

მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე ზურიკომ დუბლი გაიფორმა, ამჯერად შორი მანძილიდან ლამაზი გოლით და ისევ გაათანაბრა ანგარიში (2:2). თუმცა, „სენტ ეტიენი“ მაინც დამარცხდა, რადგან დარჩენილ დროში ორი უპასუხო გოლი გაუშვა - 2:4.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მის გუნდს სულ 8 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც შვიდში ის უშუალოდ მონაწილეობდა (5 გოლი, 2 პასი), ის ერთადერთი გამონაკლისი გოლიც „მწვანეებმაც“ პენალტით გაიტანეს.

ქართველი ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში 5 გოლით მეოთხე ადგილზეა, მხოლოდ ბრედლი ბარკოლას (7 გოლი), ჯონათან დავიდს (6 გოლი) და მეისონ გრინვუდს (6 გოლი) ჩამორჩება. სხვათა შორის, ორივე მათგანზე მეტი საგოლე პასი აქვს დავითაშვილს აქტივში.

„სენტ ეტიენი“ 9 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 ნოემბერს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს.

0.129456