რაგბი

18:13 | 23.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა მახარაძე ჩეხეთში იმსაჯებს

ახალგაზრდა ქართველი მსაჯი საბა მახარაძე საერთაშორისო რაგბიში მორიგ ნაბიჯებს დგამს. 23 წლის რეფერი რაგბი ევროპამ 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე მიიწვია, რომელსაც 16-იდან 24 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს.

მახარაძეს საერთაშორისო თამაშებზე აქამდეც არაერთხელ უმუშავია. ის ქართული სამსაჯო ბრიგადების შემადგენლობაში კიდის მსაჯი იყო რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და სუპერ თასის შეხვედრებში, თუმცა მოედნის მსაჯი ჯერ არ ყოფილა.

მოედნის მსაჯის რანგში საბას დებიუტი გაზაფხულზე, იტალიაში გამართულ 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე შედგა, ახლა კი რაგბი ევროპამ ერთბაშად ორ ასაკობრივ ტურნირზე მიიწვია.

„ექვსი ერის ფესტივალზე ძალიან კარგი შეფასება მივიღე, რის შემდეგაც რაგბი ევროპის სტრუქტურაში მთავარ მსაჯად დანიშვნის რეკომენდაცია გაიცა. თავდაპირველი აღტაცებისა და სიხარულის შემდეგ, დავიწყე მზადება როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური კუთხით. მოგეხსენებათ, ასაკობრივი ტურნირები კაცთა თამაშებიდან განსხვავებული წესებით ტარდება და ამაზე ცალკე მიწევს მუშაობა. გარდა ამისა, მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს ახალი წესების დანერგვა და ჩეხეთში ამ კუთხითაც იქნება სიახლეები“ - ამბობს საბა მახარაძე და განაგრძობს:

„იტალიაში ფესტივალი იყო, ახლა კი ჩემპიონატს ვმსაჯობ და ემოციური ფონი და დაძაბულობა გამძაფრებული იქნება. გარშემო მყოფი ადამიანების დამსახურებით (დავით შუბითიძე, ლუკა კილასონია, დევიდ მაკქიუ) ვპროგრესირებ და ეს დანიშვნა შესანიშნავი პლაცდარმი იქნება ახალ საფეხურზე გადასასვლელად. რთული პერიოდი მელის, რადგან ორივე ტურნირზე ერთად, 6 სათამაშო დღე გველის დღეში 4 შეხვედრით. ჩემი მიზანი მაღალი დონის თამაშების ჩატარებაა, რაც ახალი კარების გახსნაში დამეხმარება“.

18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატები ფლეი ოფის სისტემით იმართება. 8-8 გუნდი პირველ ეტაპზე 1/4-ფინალებს ითამაშებენ, გამარჯვებულები თასის ნახევარფინალში გავლენ (დამარცხებულები მე-5 ადგილის), 23-24 ნოემბერს კი ფინალები და სარეიტინგო თამაშები გაიმართება.

RUGBY.GE

0.126111