ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მადრიდის „რეალმა“ „დორტმუნდი“ 5:2 დაამარცხა. ეს იყო გასული სეზონის ფინალის რიმეიქი, რომელიც დიდებული გამოდგა, განსაკუთრებით მისი სცენარის გამო.
„დორტმუნდმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო და ცხადია, 3 ქულის მოპოვების რეალური ამბიცია გაუჩნდა, მაგრამ მეორე ნახევარში კარლო ანჩელოტის გუნდი შეუჩერებელი იყო. ანტონიო რიუდიგერმა, ლუკას ვასკესმა გაიტანეს, ვინისიუსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. სხვათა შორის, „დორტმუნდს“ 2:2-ზე მაგარი მომენტი ჰქონდა, მაგრამ „რეალი“ ტიბო კურტუამ იხსნა და მერე ვინისიუსი ვერავინ გააჩერა. „რეალს“ 6 ქულა აქვს, ასევე „დორტმუნდსაც“.
ჩემპიონთა ლიგას შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი ლიდერი ჰყავს, მაგრამ ასეა - „ასტონ ვილა“. ჯერჯერობით, ინგლისური კლუბი ერთადერთია, რომელმაც სამივე თამაში მოიგო, თანაც გოლიც არ გაუშვია. უნაი ემერის გუნდმა ამჯერად შინ „ბოლონიას“ 2:0 აჯობა. „ასტონ ვილა“ 9 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „ბოლონიას“ ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული.
„პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგაზე რთული კალენდარი აქვს და პსვ ეინდჰოვენთან აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ ქულები დაკარგა, რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს. ფრანგები აგებდნენ და მეორე ნახევარში აშრაფ ჰაკიმიმ გაათანაბრა - 1:1. პსჟ-ს აქტივში 4 ქულაა, პსვ-ს - 2.
ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზეც პირველი ქულები დაკარგა და სეზონშიც პირველად დამარცხდა. ტიაგო მოტას გუნდმა შინ „შტუტგარტთან“ ვერაფერი გააწყო და მარცხს იმსახურებდა. თუმცა, დიდებულად ირჯებოდა მეკარე მატია პერინი, რომელმაც საოცრებები ჩაიდინა, 85-ე წუთზე პენალტიც კი მოიგერია, მაგრამ 92-ე წუთზე გერმანელებმა ელ ბილალ ტურეს გოლით მაინც მოიგეს და პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე. „იუვეს“ 6 ქულა აქვს, „შტუტგარტს“ – 4.
„რეალი“ – „დორტმუნდი“ 5:2 (0:2)
გოლები: 0:1 მალენი (30), 0:2 გიტენსი (34), 1:2 რიუდიგერი (60), 2:2 ვინისიუსი (62), 3:2 ვასკესი (83), 4:2 ვინისიუსი (86), 5:2 ვინისიუსი (90)
პსჟ - პსვ ეინდჰოვენი 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ლანგი (34), 1:1 ჰაკიმი (55)
„იუვენტუსი“ - „შტუტგარტი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ტურე (90)
„ასტონ ვილა“ – „ბოლონია“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 მაკგინი (55), 2:0 დურანი (64)