რაგბი

19:36 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 12:25 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ 70 წუთი კაცნაკლულად მოთამაშე სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ სტუმრად 25:12 დაამარცხა და ჯამში 4 მოგებით სამეულში აღზევდა.

VI ტურის შემდეგ რუსთაველებს 18 ქულა აქვთ და ლიდერ ‘აიას’ 8, ხოლო ‘არესს’ 3 ქულით ჩამორჩებიან. ‘ყაზბეგს’ 3 მოგების წილ ამდენივე მარცხი აქვს და 13 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

crocobet დიდი 10-ის მე-6 ტურის დასკვნითი თამაში „ავჭალაზე“ გაიმართა. მორაგბეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქუთაისელი ჭაბუკი მორაგბის, საბა ჭეიშვილის ხსოვნას.

‘ხარები’ გიორგი პეტრიაშვილის შორეული ჯარიმით დაწინაურდა, მე-9 წუთზე კი ვანო ბურდული თავით თავში კონტაქტის გამო წითელი ბარათით დაისაჯა და პეტრიაშვილმა ჯარიმით უპირატესობაც გაზარდა. კაცნაკლულმა ‘ყაზბეგმა’ შეძლო შეტევაში ფაზების აკინძვა, დავით იმნაძემ ხაზი გაჭრა და მე-13 წუთზე ლელოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ გარდასახვა გაუცუდდა.

სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით პირველ ტაიმში ორჯერ ისარგებლეს. ჯერ სტეფანწმინდელთა შეცდომის შემდეგ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტიეს და ვანო გელაშვილმა 5 ქულა მიითვალა, მერე კი კონტრშეტევაზე კარგად გაათამაშა ბურთი, ანარე ტუიტაიმ ის მოშიშვლებულ ზურგში გადაიკიდა და ლელოში დაამიწა. პეტრიაშვილმა ორივე გარდასახა - 5:20.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ყაზბეგმა’ ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა, დავით მოძღვრიშვილმა ხაზი გაჭრა, მას გიორგი მარგალიტაძე მიყვა და ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, მოძღვრიშვილმა კი გარდასახა. ‘ხარებმა’ მალევე უპასუხა, ტუიტაიმ შეუტია და 22-ში შევიდა, სადაც ბურთი ფრთაზე ჩათამაშდა და მაიკელი როკონდინონომ ლელო ალამთან გაიტანა.

დარჩენილ დროში სტუმრებს ბონუს-ქულის აღებაც შეეძლოთ, მით უმეტეს, რომ ლუკა ჩქარეულის სინბინის შემდეგ სტეფანწმინდელები მოედანზე 13 კაცით დარჩნენ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ხარებმა’ 25:12 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვანო გელაშვილი გახდა.

RUGBY.GE

0.123155