რაგბი

22:15 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 17:15 ბათუმი

ქუთაისის ‘აიამ’ ‘ბათუმს’ 17:15 სძლია და crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონი ერთადერთია, ვინც მიმდინარე სეზონში წაუგებლად ასპარეზობს და 26 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ‘ბათუმმა’ მეოთხე თამაში დათმო, მესამედ აიღო ნუგეშ-ქულა და ჯამში 12 ქულით მე-6 ადგილზეა.

თამაში „აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა. ქარმა და წვიმამ მის მსვლელობას თავისი ხელი დაატყო და სანახაობრივი მხარე დააკნინა. ორივე გუნდის მორაგბეები ხშირად სცოდავდნენ, გადამწყვეტი კი ბათუმელთა მხრიდან გაცუდებული კარში დარტყმები აღმოჩნდა, რამაც ‘აიას’ გამარჯვებათა სერიის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა.

თამაშის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ‘აიას’ ჭაბუკთა ა ლიგის მორაგბის, საბა ჭეიშვილის ხსოვნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაიღუპა.

მატჩის დებიუტში ვაჟა მიქაძეს ჯერ ცენტრიდან, მერე კი ხელსარელი პოზიციიდან (კარის წინ 26-27) გაუცუდდა ჯარიმები. გიორგი ბაბუნაშვილმა მე-7 წუთზე საპასუხო ჯარიმა უშეცდომოდ შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა, თუმცა მალევე მეორე დარტყმა გაუცუდდა. ტაიმის შუაში ბათუმელების არაზუსტი პასებით თემურ კოხოძემ ისარგებლა, მისი ლელო ბაბუნაშილმა გარდასახა და უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.

თამაში რომ განახლდა უკვე ‘აია’ შეცდა, ფეხით თამაშისას ზურაბ ხურციძეს დაუფარეს და ნუკრი ფერსელიძემ საპასუხო ლელო გაიტანა, მიქაძემ კი გარდასახა. 30-ე წუთზე ბაბუნაშვილმა მცველები ცრუმოძრაობაზე დაიჭირა, ხაზი გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა. ზედ შესვენების წინ ‘აიამ’ სტუმართა შეტევა ჯიუტა მბატირერენგას სინბინის ხარჯზე შეაჩერა და მიქაძემ ჯარიმით სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა - 17:10.

მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო დამძიმდა და ნახევარ საათზე მეტხანს ანგარიში არ შეცვლილა. დებიუტში მიქაძეს კიდევ ერთი ხელსაყრელი ჯარიმა გაუცუდდა, რასაც სერგი ჩხაიძის აცილებული არეკნი მოყვა. 54-ე წუთზე ‘აია’ კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული (სინბინში საბა ერემეიშვილი), თუმცა თავი ამჯერადაც დაიცვა.

შეხვედრის მიწურულს ‘ბათუმი’ კიდევ უფრო გააქტიურდა და 72-ე წუთზე მოლი გიგა კობახიძის ლელოთი დაასრულა, მაგრამ სერგი ჩხაიძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა და წონასწორობის აღდგენის შანსი ხელიდან გაუშვა. სულ ბოლოს გასატანი პოზიციიდან ჯარიმა კვლავ მიქაძემ დაარტყა, მაგრამ მიზანმა ამჯერადაც უმტყუნა და ‘აიამ’ მძიმე გამარჯვება მოიპოვა - 17:15. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯიუტა მბატირერენგა გახდა.

RUGBY.GE

0.118608