რაგბი

19:10 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | მოწინავე სამეულმა სტატუს-კვო შეინარჩუნა

პირველ ლიგას 5 ტურის შემდეგ ‘გორი’ 24 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. შიდა ქართლელებმა პირველობის 5-ივე მატჩი მოიგეს და პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 1 შეხვედრაში ვერ მოახერხეს. ისიც აღსანიშნავია, რომ გიორგი ჯინჭარაულის გუნდი მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ კოლექტივად რჩება. ლიდერის მდევრებმა: ‘წიქარამ’ და ვეფხვებმა’ ასევე ბონუს ქულით იმარჯვეს და გორელებს ცხრილში შესაბამისად 3 და 6 ქულით ჩამორჩებიან. მორიგ ტურში უდაოდ გამორჩეული ‘წიქარასა’ და ‘ვეფხვების’ დაპირისპირება იქნება.

‘მათე’ 12 ქულით მე-4 პოზიციაზე დარჩა. ზემო იმერლებს 2 ქულით ‘რუსთავი’, ‘არწივები’ და ‘ლოკომოტივი’ ჩამორჩებიან. ‘ფოთმა’ 9 ქულით მე-8 ადგილზე ჩაინაცვლა და ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ ‘დინოზავრს’ 1 ქულით უსწრებს. პირველობის აუტსაიდერი ‘აკადემია-ლაშარი’კი კვლავაც საცხრილო ქულის გარეშე იმყოფება.

‘გორმა’ წყალტუბოს ‘დინოზავრს’ ჭალის დასახლებაში უმასპინძლა. მართალია, მატჩის დებიუტში კვაჭ გიორგი თედორაძის ძალისმიერი ლელოთი იმერლები დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის დარჩენილმა ნაწილმა ლიდერის სრული უპირატესობით ჩაიარა. ‘გორი’ მიჯრით 5 გატანილი უპასუხო ლელოთი შესვენებაზე 20 ქულიანი სხვობით წავიდა. მასპინძელთა კვაჭმა დიმა ხურცილავამ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და განვლილ მატჩში „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა.

მეორე ტაიმში ‘დინოზავრმა’ თამაში გამოასწორა, თუმცა მარბიელი კაპიტნის ბადრი დანგაძისა და მხტომელ ბეჟან კუხიანიძის დადებული ლელოებით ანგარიშში არსებული დეფიციტის მხოლოდ განახევრება შეძლო (სტუმართა სამივე გარდასახვა მგეზავმა დავით გობეჯიშვილმა გამოიყენა)/. დიმა ხურცილავას მოლით გატანილმა მესამე ლელომ კი გიორგი ჭინჭარაულის ბიჭებს შეხვედრა ბონუს-ქულით მოაგებინა - 32:21.

ფოთში, „პარკი არენაზე“ პირველობის დებიუტანტები ‘ფოთი’ და ‘წიქარა’ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის უმეტესმა ნაწილმა კოკისპირული წვიმის თანხლებით ჩაიარა. რთულ მეტეოლოგიურ პირობებს ალღო უკეთ სტუმრებმა აუღეს. გარდა ამისა, ‘წიქარა’ დაცვაში საიმედოდ მოქმედებდა და კოლხებს თამაშის ორგანიზაციითაც აღემატებოდა.

პირველი ნახევარი ‘წიქარამ’ კვაჭ შაკო კეთილაძის მოლით დადებული წყვილი გარდაუსახავი ლელოთი მოიგო. მეორე ტაიმში სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა ფიჯელი შუამარბის ჯიუტასა ნავეს გატანილი ლელოთი გაზარდეს, რაც ბექა სხულუხიას გუნდისთვის პრემიალური ქულის მომტანიც გამოდგა. ‘წიქარამ’ „მშრალი“ ანგარიშით იმარჯვა - 20:0.

პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ ოზურგეთის ‘არწივებთან საშინაო შეხვედრა რუსთავის „ხარები არენაზე“ გამართა. გარე კახელები გურულებს რაგბის ყველა კომპონენტში საგრძნობლად აღემატებოდნენ და სტუმრები ფულბეკ უჩა შარვაშიძის გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერეს. საკუთრივ კი ‘პატარძეულმა’ მეტოქეს 10 უპასუხო ლელო დაუდო. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი სხვადასხვა მოთამაშის მიერ იქნა გატანილი. ‘პატარძეულის’ წარმატებას სათავე ბურჯ ალიკა ბაჩოშვილის ლელომ დაუდო, წერტილი კი ფრთა სულიკო მუჩიაშვილის გატანილმა ლელომ დაუსვა. მასპინძელთა ფულბეკმა ტატო ბურთიკაშვილმა დადებულ ლელოს, 6 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც შემატა. დიტო კიკნაძის ბიჭებმა მატჩი 66:3 მოიგეს.

ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე, ‘მათესა’ და ‘რუსთავის’ შეხვედრა სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. ქვემო ქართლელები დაცვაში საიმედო გარჯასთან ერთად, ზემო იმერლებს თამაშის ორგანიზაციითაც აღემატებოდნენ.

‘რუსთავმა’ მეტოქეს ტაიმებში 2-2 უპასუხო ლელო დაუდო. პირველ ტაიმში ლელო მღლეტელმა თორნიკე აქუბარდიამ და კვაჭმა მერაბ მენაბდემ გაიტანეს. შესვენების შემდეგ კი თავი ბურჯმა ლაშა ტიტვინიძემ და ფრთა ლუკა ნაყეურმა გამოიჩინეს. მარქაფადან ჩართულმა ნაყეურმა მასპინძელთა გადაცემა ჩაჭრა და 70 მეტრიანი დისტანცია ლელომდე სისწრაფეზე ერთი ამოსუნთქვით დაფარა. სტუმართა ვეტერანმა ბორჯღალოსანმა რამაზ ხარაზიშვილმა 4-ივე ზუსტად შესრულებულ გარდასახვას, 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო. ‘რუსთავმა’ მატჩი „მშრალი“ ანგარიშითა და პრემიალური ქულის თანხლებით მოიგო - 34:0.

ტურის დასკვნითი შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა. ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი ‘ლოკომოტივი’ დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემია-ლაშარს’ დაუპირისპირდა. დიდი მცდელობის მიუხედავად პირველი საცხრილო ქულის აღება აუტსაიდერმა ამჯერზეც ვერ შეძლო. „რკინიგზელთა“ წარმატებას სათავე მარბიელი კაპიტნის რამაზ ბენდელიანის გატანილმა ლელომ დაუდო. ‘აკადემია-ლაშარის’ ფულბეკ კობა ირემაშვილის გატანილ ეულ ჯარიმას, ‘ლოკომოტივმა’ 2 დადებული ლელო დაუპირისპირა და შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმში „რკინიგზელთა“ შეტევები უფრო აგრესიული და შედეგიანი გახდა. ‘ლოკომოტივის’ კვაჭმა ვაჟა რუაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ხოლო უხნესი ქართული სარაგბო კლუბის სეზონში მეორე გამარჯვება, რუაძის ნაცვლად მარქაფადან თამაშში ჩართულმა ნიკა ცოფურაშვილის ლელომ დააფიქსირა. ‘ლოკომოტივმა’ მატჩი პრემიალური ქულით მოიგო - 36:13.

RUGBY.GE

0.113827