რაგბი

16:47 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ტაო 34:28 ხვამლი

სამცხე ჯავახეთის ‘ტაომ’ თბილისის ‘ხვამლს’ დაძაბულ ბრძოლაში 34:28 სძლია, 3 მოგებით 12 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზე აღზევდა.

მუხიანელებმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს, ჯამში მეოთხე, თუმცა ამ ჯერზე მცირედი სხვაობისთვის ნუგეშ-ქულა მიიღეს და ჯამში 11 გაუხდათ.

ასპინძაში გამართული თამაში თვალსასეირო გამოდგა. ორივე გუნდი აქცენტს ხელდახელ, სწრაფ შეტევებზე აკეთებდა და რამდენჯერმე ხაზიც ლამაზად გაიჭრა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ტაოს’ ცენტრი ოთარ მეტრეველი გახდა, რომელმაც სამი ლელო გაიტანა.

‘ხვამლი’ დებიუტში ზურა ქობელაშვილის ჯარიმით დაწინაურდა, რაზეც ოთარ ტალახაძემ ჯარიმითვე მე-15-ე წუთზე უპასუხა, ორიოდე წუთში კი პირველი ლელო გავიდა. გიორგი შკინინმა მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა და კონტრშეტევა წამოიწყო, მარცხენა ფრთაზე სივრცე შენიშნა, სადაც ბურთი ფეხით შეაცურა და მეტრეველმა თავისი პირველი ლელო გაიტანა. ტალახაძემ გარდასახა.

სტუმრებმა იქვე უპასუხეს კარგი შეტევით, ყველა ჯერზე მოახერხეს წინსვლა, გიორგი ვარდოსანიძემ გრძელი გადაცემა შეირგო და საპასუხო ლელო მიითვალა. ქობელაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. 23-ე წუთზე ‘ხვამლი’ კიდევ ერთხელ დაწინაურდა. ხაზი თორნიკე ბაიხოიძემ გაჭრა და დიდი მანძილი მოიგო, ვარდოსანიძემ ბურთი კიდევ უფრო წინ წაწია, შეტევა მარცხენა ფრთაზე გაიშალა და ლელო ბაჩანა ბაიხოიძემ მიითვალა.

ლელოების ფესტივალი ‘ტაომ’ გააგრძელა. მათ 4 წუთში იროდიონ ქუცნიაშვილის ძალისმიერი ლელოთი წონასწორობა აღადგინეს და ტალახაძემ გარდასავით მასპინძლები დააწინაურა. 32-ე წუთზე მასპინძელებმა მარჯვენა ფრთიდან კარგი ხელდახელ შეტევა წამოიწყეს და 22-ში შევიდნენ, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ საქმეში ისევ ხაზი ჩაერთო და მეტრეველმა თავისი მეორე ლელო დაამიწა.

ტალახაძემ გარდასახა, რასაც ქობელაშვილმა ჯარიმით უპასუხა, თუმცა შეუჩერებელმა მეტრეველმა შესვენების წინ მორიგი ლელო მიითვალა. ამ ეპიზოდში ძალიან მაგრად ითამაშა რატუ მელი ტურანგათამ, რომელმაც ბრძოლით გაიკაფა გზა და მის მიერ ამოგდებულ ბურთს მეტრეველი დაეუფლა. 100%-იანმა ტალახაძემ გარდასახვით ტაიმის შედეგი დააფიქსირა - 31:18.

მეორე ტაიმი ‘ხვამლის’ შეტევებით დაიწყო. ქობელაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა. მალე ‘ტაო’ რატუ მელი ტურანგათას სინბინის გამო მოედანზე კაცნაკლული დარჩა, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ჯოი კუნავულას ლელო ქობელაშვილმა გარდასახა.

თბილისელებს თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ, მაგრამ სამცხე ჯავახეთელები მაგრად დადგნენ, 74-ე წუთზე ტალახაძემ მონაგარი ჯარიმით კიდევ უფრო გაზარდა, დასკვნით წუთებში ადგილი შეინარჩუნა და 34:28 გაიმარჯვა.

RUGBY.GE

0.121341