რაგბი

16:20 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არმია 23:10 ყოჩები

თბილისის ‘არმიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 23:10 მოუგო, მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა და 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დაწინაურდა.

‘ყოჩები’ განვლილი 6 თამაშიდან მეხუთედ დამარცხდა, მხოლოდ 5 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და კონკურენტებს უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში „არმიელები“ მე-5 წუთზე დაწინაურდნენ - მოლის შემდეგ გიორგი ჩხარტიშვილი მიეძალა და მცველებმა მისი შეჩერება ვეღარ მოახერხეს. საპასუხოდ ნიკა რეხვიაშვილს თავისი ნახევრიდან ჯარიმა გაუცუდდა, ტაიმის შუაში კი მერლს პიტერსმა დარტყმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.

‘ყოჩებმა’ 33-ე წუთზე კარგი კომბინაციით უპასუხა. შერკინების შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და თემურ ჭიჭინაძის ლამაზი ლელო სოსო მათიაშვილმა გარდასახა - 8:7.

თამაში რომ განახლდა მერლს პიტერსმა ყვითელი ბარათი მიიღო, 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობა ბოლნისელებმა 47-ე წუთზე გამოიყენეს და მათიაშვილმა ჯარიმით სტუმრები დააწინაურა, მაგრამ 54-ე წუთზე ‘ყოჩებმა’ მეტოქის შეტევა ლაშა ლომიძის წითელი ბარათის ხარჯზე შეაჩერა და მატჩის ბოლომდე თავად დარჩა კაცნაკლული.

‘არმიამ’ იქვე მოლით შეუტია და კოლი ტამანიტოაკულამ ლელოთი საკუთარ გუნდს უპირატესობა დაუბრუნა. თბილისელებმა მალე კიდევ ერთი კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ფორვარდების მიძალების შემდეგ ბურთი დავით ბარბაქაძეზე გავიდა, რომელმაც ხაზი გაგლიჯა და ლელო ძელებსშუა დაამიწა, პიტერსმა კი გარდასახა. 68-ე წუთზე პიტერსმა კარის წინიდან ჯარიმა შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 23:10.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით ბარბაქაძე გახდა.

RUGBY.GE

0.11463