რაგბი

15:47 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ლელო 33:30 არესი

თბილისის ‘ლელო სარასენსმა’ დრამატულ მატჩში ერთ-ერთ ლიდერ ქუთაისის ‘არესს’ 33:30 სძლია და გარდამავალ „სარბიელის სინთან“ ერთად, მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

crocobet დიდი 10-ის განვლილ 6 ტურში მეორედ დამარცხდა ‘არესი’, თუმცა ამჯერადაც აიღო ნუგეშ-ქულა და ჯამში 21 ქულით მეორე ადგილზეა. ‘ლელოს’ 11 ქულა მოუგროვდა და მე-7 პოზიციაზეა, მაგრამ მისი მდევრები ურთიერთშეხვედრას ხვალ გამართავენ და ერთი ადგილით დაქვეითდება.

‘ლელო’ ‘შავი ლომის’ მოთამაშეებით იყო გაძლიერებული, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდა, თუმცა თავიდან ინიციატივას ‘არესი’ დაეუფლა. „ლელო არენაზე“ სტუმრები დომინირებდნენ შერკინებაში და ძალისმიერ თამაშში, მაგრამ შეცდომები ქონდათ დერეფანში და ხელდახელ ბურთაობაში.

ქუთაისელებმა ანგარიში 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ გახსნეს, საიდანაც ბურთი გიორგი თავაძემ გაიტანა და მოკლე ფრთაზე ლელოში პიტა იავი მაის შეაყოლა. 5 წუთიან ინტერვალში მასპინძლებმა სინბინით ზურიკო ურთაშვილი და ვაჟა მაისურაძე დაკარგა, რითაც ‘არესმა’ მხოლოდ ერთხელ ისარგებლა და მარჯვენა ალამთან ლელო გივი ლეჟავამ გაიტანა. გიორგი თევდორაძემ, რომელსაც დღეს კარში დარტყმების მხრივ 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, ორივე რთული გარდასახვა გამოიყენა.

ამის შემდეგ სტუმრებს შეცდომები მოუმრავლდათ, რასაც დისციპლინარული პრობლემებიც დაერთო, გელა ხელაძემ 3 ჯარიმა გაიტანა და საკუთარი გუნდის ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა - 9:14.

მეორე ტაიმი ‘ლელოს’ შეტევებით დაიწყო, 5-მეტრიანთან შერკინების უფლება მოიპოვა, იქიდან ბექა ყორიაულმა შეუტია ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ხელაძემ გარდასახვით მასპინძლები პირველად დააწინაურა.

მომდევნო 5 წუთში თევდორაძემ და ხელაძემ ჯარიმები გაცვალეს და ლიდერი ორჯერ შეიცვალა, თამაშის განახლებისთანავე კი მასპინძლები თავის ნახევარზე შეცდნენ, კონტრშეტევისას ნიკა ძნელაძემ ფეხით ითამაშა და არჩილ იაშაღაშვილმა ლელოთი ‘არესი’ დააწინაურა. თევდორაძემ გარდასახვის შემდეგ ჯარიმა ცენტრიდანაც გაიტანა და სტუმრების უპირატესობა 8 ქულამდე გაიზარდა (19:27).

დასკვნით წუთებში ‘არესს’ ისევ დაეწყო დისციპლინის პრობლემები და პიტა იავი მაის სინბინის შემდეგ მოედანზე კაცნაკლული დარჩა. ‘ლელომ’ ამით 64-ე წუთზე ისარგებლა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტია და თენგიზ ზამთარაძემ ლელო გაიტანა. პეტრე ხუციშვილმა გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა და 69-ე წუთზე ჯარიმაც რომ გაეტანა, სტუმრებს წინ გაიყვანდა...

სამაგიეროდ 73-ე წუთზე ჯარიმიდან გიორგი თევდორაძე არ შეცდა და მასპინძლებს თამაშის გადასარჩენად მხოლოდ ლელოს გატანა ჭირდებოდათ. ‘ლელომ’ 76-ე წუთზე მოლით შეუტია, რომელსაც დავით ხუროშვილი მოწყდა, ყველასთვის მოულოდნელად თავად შეუტია და გამარჯვების ლელო გაიტანა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ხუციშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 33:30.

RUGBY.GE

0.125786