სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერის პოზიცია ისევ შეინარჩუნა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
არადა, ანტონიო კონტეს გუნდს „ემპოლისთან“ უმძიმესი თამაში გამოუვიდა, მოგებას ნამდვილად არ იმსახურებდა, რადგან საამისოდ არაფერი გაუკეთებია, თუმცა ტოსკანელები ერთი შეცდომის გამო დაისაჯნენ და მარცხი განიცადეს.
პირველ ტაიმში „ემპოლი“ ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. საპასუხოდ, კონტეს გუნდი შეტევაში ვერაფერს აკეთებდა.
მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა თამაში, მაგრამ 63-ე წუთზე „ნაპოლის“ ფეხბურთელმა მატეო პოლიტანომ პენალტი მოიპოვა, რაც საკვანძო გამოდგა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა და მერე არაფერი შეცვლილა - 0:1.
„ნაპოლიმ“ კარში ერთადერთხელ დაარტყა, სხვა საგოლე მომენტი არ ჰქონია, აბსოლუტურად არაფერი, თუმცა მთავარი ისაა, რომ 3 ქულა მოიპოვა.
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 76-ე წუთამდე იყო. მის ანგარიშზე სერია A-ს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასია.
„ემპოლიში“ ისევ შესანიშნავად ითამაშა საბა გოგლიჩიძემ, რომელიც უშეცდომო იყო, რამდენჯერმე განსაკუთრებით დამაჯერებლად იმოქმედა. საბა 78-ე წუთზე შეცვალეს, როცა მწვრთნელმა მის ნაცვლად შემტევი ფეხბურთელი ჩართო თამაშში. ქართველს უკვე 6 მატჩი დაუგროვდა სერია A-ში და ძალიან კარგად ირჯება.
„ნაპოლი“ 19 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მე-11 პოზიციაზეა და „პარმას“ 27 ოქტომბერს, სტუმრად დაუპირისპირდება.
„ემპოლი“ – „ნაპოლი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 კვარაცხელია (63, პენ)