ფეხბურთი

17:38 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ხორვატიასთან საინტერესო და დაძაბული მატჩები გველოდება"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევრო 2025-ის პლეი-ოფში ხორვატიის ნაკრებთან დაწყვილების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაშები გველოდება. დეტალურ ანალიზს დღეს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ წილისყრა ახლახან დასრულდა. ხორვატია ძალიან კარგი გუნდია, მისი ახალგაზრდული სექტორი, ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით. რთული თამაშები გველოდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი შანსი გვექნება, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორი მომზადებული და როგორი ფორმით შევხვდებით ამ მატჩებს. იქნება დაძაბულობა, მაღალი სტრესის თამაში. ეს იქნება მატჩები, რომელიც ყველას წაგვადგება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გავალთ. სიმართლე გითხრათ, პირველი თამაში სტუმრად მერჩივნა, მაგრამ ახლა უკვე ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ვფიქრობ, ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. ამიტომ, ორივე თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და შესაბამისად უნდა მოვემზადოთ. სახლის თამაში ჩვენთვის ყოველთვის დამატებითი სტიმულია, დარწმუნებული ვარ, სტადიონი შეივსება, დიდი მხარდაჭერა გვექნება, ჩვენთვის გულშემატკივარი მე-12 მოთამაშე იყო, რაც დამტკიცდა წინა ევროპის ჩემპიონატზე და ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ.

ჯერჯერობით ვერ გიპასუხებთ შემადგენლობაზე, ერთადერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მზად შევხვდეთ ამ მატჩებს“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველო ხორვატიას 15 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს ესტუმრება. წყვილში გამარჯვებული (ორი მატჩის ჯამში) გუნდი ფინალურ ეტაპზე გავა.

ევროპის 21-წლამდე 2025 წლის ჩემპიონატი 12-29 ივნისს სლოვაკეთში გაიმართება. 16 ნაკრები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალიდან გააგრძელებს ბრძოლას.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პირველად დაძლია შესარჩევ ეტაპზე ჯგუფური ეტაპი. რამაზ სვანაძის გუნდი ევრო 2023-ის მონაწილეა, მაგრამ მაშინ მასპინძლობის გამო საგზური ავტომატურად ერგო და მეოთხედფინალამდეც მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო და ცოტა დააკლდა ნახევარფინალამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112053