ფეხბურთი

17:05 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "სეზონის დასაწყისი კარგი მაქვს, მაგრამ ახლა უფრო მეტი მინდა"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ლანსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, „მწვანეებში“ გადასვლა ვილი სანიოლმა ურჩია.

„მქონდა რაღაც ვარიანტები, მაგრამ ჩემი არჩევანი იყო „სენტ ეტიენი“, ვიცოდი სად მოვდიოდი, რამხელა კლუბია. მახსოვს ის მატჩი, რომელიც აქ „ბორდოსთან“ ერთად ვითამაშე. ასე ვთქვათ, ყველაფერს გაცნობილი ვიყავი. აქ იმისთვის მოვედი, რომ გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით, როდესაც ვილი სანიოლს და ადელ შედლის ვესაუბრე ამ თემაზე. მათ ყველაფერი დადებითი მითხრეს „სენტ ეტიენზე“, ეს უფრო დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ეს დიდი ბედნიერებაა. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებში მეთამაშა და ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა საზღვარგარეთაც, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ.

მთელი ბავშვობა ფეხბურთს დავუთმე, მამაჩემმა ჩემს აღზრდაში ყველაფერი ჩადო და მისი დიდი დამსახურებაა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, მამაჩემის დახმარებით, ის მირჩევდა ყველაფერს, რა უნდა გამეკეთებინა და როგორ. ჩემი აზრით, 80-90% მისი დამსახურებაა, რომ დღეს პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ.

ჩემთვის ალბათ სეზონის კარგი დასაწყისია. სეზონის დაწყების წინ რომ ეთქვათ, ამ დროისთვის ასეთი სტატისტიკა მექნებოდა, რა თქმა უნდა, უნდა ხელს მოვაწერდი. ახლა უფრო მეტი მინდა, გუნდს მინდა დავეხმარო, ჩემი სტატისტიკაც გავაუმჯობესო და ამით გუნდსაც დავეხმარები. იმედია, ასე გავაგრძელებთ, როგორც ბოლო მატჩში.

რა თქმა უნდა, 0:8 წაგება მწარე იყო, არაფერი ამართლებს, მაგრამ შეცდომებზე უნდა ისწავლო და შეიძლება ასეთმა მარცხმა კიდევ უფრო გაგვაძლიერა. „ოსერთან“ ჰეთ-თრიქი საოცრება იყო, ყველა მილოცავდა. ზუსტად ამიტომ თამაშობ ფეხბურთს, რომ ეს ყველაფერი დაგიფასდეს. ამ თამაშით ერთი ეტაპი დამიფასდა. გუნდს რაც შეეხება, ეს განცდები ერთად არ გვქონია, რადგან მე ნაკრების შეკრებაზე წავედი და ბიჭები გუშინ ვნახე პირველად ამ მატჩის შემდეგ.

„ლანსი“ ძალიან კარგი გუნდია, გავაანალიზეთ მეტოქე. ჩემი აზრით, კარგი თამაში იქნება, სახლში ძალიან კარგად ვთამაშობთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ჩემი აზრით, კარგ ფორმაში ვარ. ნაკრების ბოლო თამაშში მქონდა პრობლემა, მაგრამ ახლა 100%-ით მზად ვარ, არაფერი მაწუხებს. პირიქით, ზოგჯერ მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში ის, რომ მატჩები მოკლე პერიოდშია", - თქვა ზურიკომ.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის შვიდ მატჩში ზურიკო დავითაშვილმა 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. „სენტ ეტიენი“ 19 ოქტომბერს, „ლანსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11635