ფეხბურთი

18:40 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ჰიმნზე ქართველების ტაში ჩვენთვის ერთგვარი გაკვეთილი უნდა იყოს"

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმანდ დუკამ ადგილობრივ ტელევიზიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ერთა ლიგაზე ისაუბრა.

დუკამ ასევე გააკეთა კომენტარი საქართველოში ალბანეთის ჰიმნზე ტაშზე და აღნიშნა, რომ ეს ალბანელი ფანებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

„ფეხბურთი სწორედ იმითაა საინტერესო, რომ არასოდეს იცი როდის გაიმარჯვებ, წააგებ თუ ფრეს ითამაშებ. ალბანეთის ნაკრები უკვე იმ დონეზეა, რომ ყველა მატჩში მოსალოდნელია გამარჯვება, თუმცა, ერთა ლიგის ჯგუფში ჩვენი მეტოქეებიც ძლიერები არიან. ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ყველაფერი ღიაა, ჩვენ გვაქვს უპირატესობა, რადგან ბოლო ორივე თამაშს სახლში ვთამაშობთ და იმედია, მე-12 მოთამაშის უპირატესობას გამოვიყენებთ.

ჩეხეთში მომხდარი ინციდენტები? ეს არის ის, რაც ფეხბურთთან არაფერ შუაშია და არც უნდა არსებობდეს. მათ ჩვენს დროშას შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ზოგადად, ჩეხები ალბანელების წინააღმდეგნი არიან, ეს არ გამოხატავს ჩეხი ხალხის კულტურას, ისევე, როგორც ალბანელების კულტურა არ არის საქართველოს ჰიმნის სტვენა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს. ეს არ უნდა მომხდარიყო და დასაგმობია. საქართველოში ჩვენს ჰიმნზე ტაში ისმოდა, რაც ერთგვარ გაკვეთილად შეგვიძლია გამოვიყენოთ. უეფამ ჰიმნზე სტვენის გამო დაგვაჯარიმა“, - თქვა დუკამ.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ ლიდერი ჩეხეთის ნაკრებია 7 ქულით, საქართველოსა და ალბანეთს 6-6 ქულა აქვთ, ხოლო უკრაინა 4 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში, 16 ნოემბერს, საქართველო ბათუმში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო ალბანეთი ტირანაში ჩეხეთს დაუპირისპირდება.

0.120508