რაგბი

12:08 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ ლიდერობა განიმტკიცა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, 3 ტურის შემდეგ ‘ლელო’ ლიდერობას მაქსიმალური შედეგით აგრძელებს. დიდ დიღმელებმა პირველობის სამივე შეხვედრა ბონუსით მოიგეს, 15 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე ანაცვლებულ ‘აიას’ 4 ქულით უსწრებენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემპიონი მონაწილთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება. სეზონში პირველი მარცხის შემდეგ ‘ყოჩებმა’ 9 ქულით მე-3 პოზიციაზე დაიხია. მორიგ ტურში ბოლნისელებს ჩემპიონ ‘ლელოსთან’ კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

8 ქულით მოწინავე კვარტეტში ‘ხვამლი’ აღზევდა. მუხიანელები მე-5 პოზიციაზე ანაცვლებულ ‘არმიას’ 2 ქულით უსწრებენ. ‘ხარები’ 5 ქულით მე-6 ადგილზე დაქვეითდა. ‘ლოკომოტივი’ 4 ქულით ცხრილის ბოლოსწინა საფეხურზე რჩება. მოუგებლად მყოფი ‘ბათუმი’ კი კინკილა ქულით პირველობის აუტსაიდერად იქცა.

„ხარები არენაზე“, ‘ხარებმა’ ჩემპიონ ‘ლელოს’ უმასპინძლა. ზურა ხორბალაძის ბიჭები პირველ ნახევარში ქვემო ქართლელებს სტატიკაშიც და დინამიკაშიც საგრძნობლად აღემატებოდნენ, სწრაფად, ლაღად მოქმედებდნენ და მოედნის გამოთავისუფლებელ სივრცესაც მაქსიმალურად იყენებდნენ. კვაჭ დავით არჩვაძის, ბურჯ დაჩი ჭელიძის, ფულბეკ ნიკოლოზ ხალვაშისა და შუამარბ ამირან ბიწკინაშვილის გატანილი უპასუხო ლელოთა წყალობით ფავორიტი შესვენებაზე 22 ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმში ფრთა გოჩა ხურციძის დადებული ლელოთი ჩემპიონმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა. ზურა ხორბალაძემ ტრადიციას არც ამჯერზე უღალატა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა მარქაფაში მყოფ პრაქტიკულად ყველა მორაგბეს მისცა, რამაც ‘ლელოს’ შემტევი პოტენციალი ნაწილობრივ დააცხრო. ‘ხარები’ თავის მხროვ ბოლომდე იბრძოდა და მარბიელ ნიკა ბაქანიძის გარდასახული ლელოთი „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა მოახერხა – 29:7.

„რაგბი პლატოზე“, ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. სადებიუტო 2 რთული გამარჯვების შემდეგ ქვემო ქართლელებს დაღლა დაეტყოთ. ‘აია’ პირველივე წუთებიდან დომინირებდა, ანგარიშში მგეზავ თემურ ძოძუაშვილის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, რასაც რიონისპირელი ფრთის ლაშა ლაღაძის დადებული ლელო მოჰყვა. ‘აიამ’ მთლიანობაში ქვემო ქართლელებს 7 უპასუხო ლელო გაუტანა და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით მოიგო – 52:0. მარქაფადან ჩართულმა ‘აიას’ მხტომელმა ლუკა ნარსიამ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო თემურ ძოძუაშვილმა პირად მონაგარს 6 ზუსტად შესრულებული გარდასახვა შემატა.

‘ლოკომოტივის’ ბაზაზე, ‘არმია’ და ‘ბათუმი’ სეზონში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. გასული სეზონის დასკვნით შეხვედრაში აჭარლებმა „არმიელებს“ დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ამჯერზე კი უკეთ ‘არმია’ გამოიყურებოდა. „არმიელთა“ წარმატებას სათავე ფრთა რაულ ჩორგოლაშვილის გატანილმა ლელომ დაუდო. ჩორგოლაშვილმა მეორე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა.

მასპინძელთა მხრიდან კიდევ 1 ლელოს გატანა მარქაფადან ჩართულმა ფრთა თემურ ბლიაძემ მოახერხა. მასპინძელთა კიდევ ერთმა ფრთის მოთამაშემ საბა ნატროშვილმა პირველ ტაიმში ზუსტ გარდასახვას გატანილი ჯარიმაც დაურთო. ‘ბათუმმა’ საკუთარი თამაშის პოვნა მხოლოდ შეხვედრის დასკვნით ნაწილში მოახერხა და პირველი სამატჩო ქულებიც აღნიშნულ მონაკვეთში აიღო. ფრთა საბა ხოზრევანიძისა და კვაჭ ნიკა ბერიძის გარდაუსახავი ლელოებით აჭარლებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ მეტოქე პრემიალური ქულის გარეშე დატოვეს. ‘არმიამ’ მატჩი 24:10 მოიგო.

ტურის დასკვნითი შეხვედრა მუხიანში გაიმართა. „ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლმა’ ‘ლოკომოტივს’ უმასპინძლა. შეხვედრის დებიუტში კვაჭ ლუკა ჩიტაძის გარდაუსახავი ლელოთი „რკინიგზელები“ დაწინაურდნენ, რის შემდეგ უპირატესობას ‘ხვამლი’ დაეუფლა. მუხიანელთა ჰავბეკი კაპიტნის დათო წიკლაურისა და ფრთა ლუკა კაპანაძის გარდასახული ლელოებით (ორივე გარდასახვა წიკლაურმა გამოიყენა) მასპინძლები შესვენების წინ 9 ქულით დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში დიდი მცდელობის მიუხედავად ‘ხვამლის’ „ჩაბეტონებულ“ დაცვას ‘ლოკომოტივმა’ ვერაფერი მოუხერხა. მასპინძლებმა კი უპირატესობა წიკლაურის გატანილი ჯარიმითა და მარქაფადან ჩართული ფრთა საბა ხიზანიშვილის გარდაუსახავი ლელოთი გაიმყარეს. ‘ხვამლმა’ შეხვედრა 22:14 მოიგო.

RUGBY.GE

0.115155