საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა.
მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისტორიის დასაწერად ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ამ გუნდმა წარმატებას უკვე მიაღწია.
„დიდი სამუშაო იქნა გაწეული ჩემი, სტაფის და ფეხბურთელების მხრიდან. განსაკუთრებით მინდა, გამოცდილი ფეხბურთელები გამოვყო, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში აქვთ ნათამაშები, ევროპის ჩემპიონატზეც იყვნენ და დღეს დაგვეხმარნენ. აუცილებლად უნდა ვახსენო ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელშიც ვიყავით გოლამდე, რადგან მძიმე გამოვიყურებოდით და ეს ყველაფერი იმის კვალი იყო, რომ ჩემი ფეხბურთელების უმეტესობა არ არის მიჩვეული ასეთი წნეხის მატჩში თამაშს. არ არის მარტივი, მაგრამ ეს არის 21-წლამდელთა ნაკრები, ესაა გუნდი, რომელიც პირველ რიგში ფეხბურთელებს ამზადებს ეროვნული ნაკრებისთვის. მოხარული ვარ, რომ გავაგრძელეთ კარგი ტრადიცია, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. მოხარული ვარ, რომ პირველად გავედით ჯგუფიდან და ვეცდებით, რომ ასევე გავაგრძელოთ. არ იქნება მარტივი, მაგრამ დღესაც დავამტკიცეთ, რომ პატრიოტიზმით, ერთმანეთის სიყვარულით, ერთიანობით, პატივისცემით და დავალების სწორად შესრულებით ყველაფერი შეიძლება.
დიდი მადლობა გულშემატკივარს, ვინც თამაშზე იყო, ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა. განსაკუთრებული მადლობა ქუთაისელ გულშემატკივარს, ჩემი მშობლიური ქალაქია და ყოველთვის ბედნიერი ვარ აქ დაბრუნებით, დიდი მადლობა. დღეს იმაზე ლაპარაკი ადრეა, რომ გოგლიჩიძე ნოემბერში ჩვენ დაგვეხმარება, აზრი არ აქვს, რადგან თამაში ახლა დასრულდა. დრო გვჭირდება სიტუაციის შესაფასებლად, ერთ თვეშია პლეი ოფი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ კონკრეტულად იმ ეტაპზე რა სიტუაცია იქნება ეროვნულ ნაკრებში და ჩვენთანაც ფეხბურთელების მხრივ, ამიტომ, კომუნიკაცია შედგება და დარწმუნებული ვარ, თუ შესაძლებელი იქნება, საბა აუცილებლად იქნება ჩვენთან ერთად, ის დაგვჭირდება პლეი ოფის თამაშებში.
დაცვის ცენტრში გვქონდა პრობლემები, რასაც ახსნა აქვს. საბა საზონოვი გამოგვაკლდა, გოგლიჩიძის არყოფნას გამოკლებას ვერ დავარქმევ, რადგან 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მიზანია ფეხბურთელები ეროვნული ნაკრებისთვის მოამზადოს და რაც უფრო მეტი დაწინაურდება, მით უფრო კარგია. საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი მოვამზადეთ ეროვნული ნაკრებისთვის და ეს ძალიან გვახარებს. საფეხბურთო ასპექტებით რა თქმა უნდა, ორი აზრი არაა, რომ ორივე ფეხბურთელი ჩვენთვის დიდი ძალა იყო. ამას დაემატა, რომ საბა მამაცაშვილს შვედეთში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, იგივე პრობლემა აქვს უკრაინაში მაისურაძეს. ამიტომ, ბევრი ცვლილების გაკეთება მოგვიწია, განსაკუთრებით დაცვაში და ეს ჩვენზე აისახა. თუ პლეი ოფში ღირსეულად თამაში გვინდა, დაცვის ხაზი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და გაძლიერდეს. ორ დღეშია წილისყრა, გაირკვევა, ვის შევხვდებით, შემდეგ ანალიზის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას 3 მცველით ვითამაშებთ თუ 4 მცველით. თუმცა, მცველების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია სათამაშო ფილოსოფია.
მეორე ტაიმიც ვერ დავიწყეთ კარგად, რეალურად ჩვენი თამაში ანგარიშის გათანაბრების შემდეგ დავიწყეთ, როცა გაჩნდა მაღალი ინტენსივობა და აგრესია, რასაც თავიდანვე ვითხოვდით. დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი გუნდის მაქსიმუმი არ იყო.
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა საქართველოს ჩემპიონატს წარმოადგენდა და შევძელით, სტაბილურად გავიარეთ ეს გზა, ვგულისხმობ ჩვენი დონის და ჩვენზე დაბალი დონის გუნდების დამარცხებას. მეორე და მთავარი ისაა, რომ ვაჯობეთ შვედეთის ნაკრებს, იცით, რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები. მიუხედავად შვედეთში მარცხისა, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ მათზე უკეთესი გუნდი გვყავს.
რწმენა არის ის, რასაც ამ ფეხბურთელებს ვაძლევთ. რწმენა, რომელიც ძალიან დიდი დოზით მიდის მათთან. გუნდურობით და ერთიანობით ყველაფრის კომპენსირება შეიძლება და ეს არის ის, რითაც ჩემი გუნდი გამოირჩევა. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება. ფეხბურთელების მხრიდან მიმღებლობა არის უმაღლეს დონეზე და ხდება ის, რასაც ბოლო ორი-სამი წელია ვუყურებთ. რა თქმა უნდა, სტიმული იყო ისიც, რომ წინა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ. ასევე უნდა გამოვყო დინამიკა, იცვლება თაობები, მაგრამ ვრჩებით კონკურენტუნარიან გუნდად. ასევე, დიდი გავლენა იქონია ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც შარშან ჩვენთან ჩატარდა და რა მხრივ: ფეხბურთელებმა, რომლებსაც მათ შემდგომ უწევდათ ახალგაზრდული ნაკრების კარის გაღება, მათ თავიანთი თვალით ნახეს თავიანთ ქვეყანაში, თუ რა შეგვიძლია, როცა ყველანი ერთნი ვართ. მხოლოდ გუნდს არ ვგულისხმობ, სტაფს, გულშემატკივარს, ყველას. როცა ერთიანები ვართ, ბევრი რამის კომპენსირება შეგვიძლია, შეგვიძლია ვეთამაშოთ ტოპგუნდებს და შედეგი მივიღოთ. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არ გამოვა, მაგრამ ჯერჯერობით, უფრო ხშირად გამოდის. დღევანდელი შედეგი ყველაზე მეტად აღსანიშნავია იმ კუთხით, რომ ბევრი ბავშვი გვადევნებს თვალს, ეროვნული ნაკრების წარმატების შემდეგ რა დონის ბუმია ქართულ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში. მოხარული ვარ, რომ პირველი ეს ძვრები იმ ევროპის ჩემპიონატიდან დაიწყო, რომელსაც ვუმასპინძლეთ. ამიტომ, ეს დინამიკა ძალიან კარგია და სწორედ რწმენის, მომავლის იმედის მომცემია.
შვედეთთან თამაში ჩვენთვის ძალიან კარგი გაკვეთილი იყო. თამაში, რომელიც წყნარ ტემპში მიდიოდა, მუშაობდა ჩვენი გეგმა, დავუშვით ინდივიდუალური შეცდომა, რომელიც ყველგან ხდება და ემართება ნებისმიერ ფეხბურთელს, არ შეიძლება, რომ ასეთმა შეცდომამ ისე იმოქმედოს, როგორც იმოქმედა ჩვენზე შვედეთში. ამაზე ფეხბურთელებთანაც ვილაპარაკე. ეს თამაში ჩვენთვის დიდი გაკვეთილი იყო, რადგან ვცდილობთ, რომ ყოველთვის ვისწავლოთ. სწავლა ნებისმიერ თამაშში შეიძლება, გვირჩევნია სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, მაგრამ ზოგჯერ ჩვენს შეცდომებზეც სწავლა კარგია. ეს დღეს გაშვებული გოლის შემდეგ გამოგვადგა, რადგან დღეს ვნახე გუნდი, რომელიც გოლის შემდეგ გარდაისახა და შეძლო ის, რაც ძალიან რთულია ფეხბურთში, განსაკუთრებით ასეთ მატჩებში, როცა მეტოქეს დასაკარგი არაფერი აქვს, ჩვენ კი, ბევრი რამ გვქონდა დღეს დასაკარგი, რადგან ეს თაობა ერთი წლის წინ შეიკრიბა, როცა წინა თაობასთან ერთად 19-წლამდელთა ნაკრებიდან ერთად მოვდიოდი და უფრო მიმარტივდებოდა მუშაობა, აქ უფრო რთული იყო, მაქსიმუმ 2-3 დღე სავარჯიშოდ და შემდეგ თამაში. დღეს დიდი იმედგაცრუება იქნებოდა, რომ ვერ მოგვეგო.
ჩვენს ჯგუფში ნიდერლანდები ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგა, ხოლო შვედეთს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და დამსახურებულად გავედით ჯგუფიდან. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს თაობა, ეს ნაკრები უკვე წარმატებულია, ეს შესარჩევი ეტაპიც, მაგრამ კიდევ ერთხელ ისტორიის დაწერასთან ახლოს ვართ და ყველას ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ისტორია დაიწეროს“, - თქვა სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პირველად დაძლია ჯგუფური ეტაპი შესარჩევ ეტაპზე. პლეი-ოფის ორმატჩიანი რაუნდი 11-19 ნოემბერსაა ჩანიშნული, 6 ნაკრები წილისყრის შედეგად დაწყვილდება, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება.