ფეხბურთი

21:20 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: იანვარში მიქაუტაძის დამატება რამდენიმე კლუბს სურს

ფრანგული გამოცემა Foot01 წერს, რომ „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გადაბირება იჯარით რამდენიმე კლუბს სურს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველს ფრანგულ კლუბში ჯერჯერობით პრობლემები აქვს და ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, „ლომების“ მთავარ მწვრთნელ პიერ საჟს არ სურს იანვარში გუნდიდან გიორგის გაშვება, თუნდაც იჯარით.

„გასულ ზაფხულს „ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძისთვის ბრძოლაში „მონაკოს“ აჯობა. მაშინ, როცა ქართველი ფეხბურთელი „თავადებში“ გადასვლის ზღვარზე იყო, „ლიონმა“ საბოლოო შეთავაზება წარადგინა 18.5 მილიონ ევროდ ბონუსის გარეშე და გაიმარჯვა. ქაღალდზე, „ლიონის“ მხრიდან ეს ოსტატური ნაბიჯი იყო, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მიქაუტაძეს „მეცში“ ბრწყინვალე ნახევარი სეზონი ჰქონდა და საქართველოსთან ერთად შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა. თუმცა, სეზონის დაწყებამ „ლიონის“ მოლოდინი ვერ გაამართლა. ყველა ტურნირზე მან 8-ჯერ ითამაშა, უფრო ხშირად სათადარიგო სკამიდან ჩაერთო თამაშში და გიორგი მიქაუტაძე ჯერ კიდევ გოლის გარეშეა.

კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ როგორც ჩანს, პიერ საჟმა იპოვა ოპტიმალური ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ქართველის გარეშეა, რადგან სამკაციანი შეტევა ფოფანას, ლაკაზეტის და შერკითაა დაკომპლექტებული. მძიმე დარტყმა ფეხბურთელისთვის, რომელსაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ბევრი კლუბი აკვირდება. „რენი“ ერთ-ერთია იმ გუნდებიდან, რომელიც დაინტერესებულია მიქაუტაძით არნო კალიმუენდოს წასვლის შემთხვევაში.

თუმცა, „ლიონი“ მიქაუტაძის გაყიდვას არ გეგმავს, ეს არ იქნებოდა პიერ საჟის არჩევანი, რადგან ფრანგი მწვრთნელი ქართველი შემტევის წასვლის წინააღმდეგია, რომლის მიმართ ნდობა ჯერ კიდევ აქვს. ლაკაზეტის არყოფნის შემთხვევაში მიქაუტაძე „ლიონის“ მომავალს წარმოადგენს ფორვარდის პოზიციაზე. შესაბამისად, საჟის იანვარში არ უნდა მისი გაშვება, თუნდაც გიორგის ადაპტაცია მოსალოდნელზე რთულად მიმდინარეობდეს. თავის მხრივ, მიქაუტაძემ ნდობა უნდა დაიმსახუროს, რომლის პროფესიონალიზმი ბოლო კვირების განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ დღემდე 8 უგოლო მატჩი ჩაატარა.

0.110033