ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა საქართველოსთან მატჩის (0:1) შემდეგ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრეს.
ნედიმ ბაირამი: „ჩვეულებრივ, ასეთ მოკლე დროში ორი მატჩის ჩატარებით დაღლილობაც არსებობს, მაგრამ დღეს ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომელიც ისტორიაში დარჩება. როგორც მათ იზეიმეს ტირანაში, ისე ვიზეიმეთ ჩვენ აქ გამარჯვება“.
არდიან ისმაილი: „ყოველთვის გვქონდა თავდაჯერება, სამი ქულისთვის ჩამოვედით და ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად მოვიგეთ. ეს შედეგი გვიბიძგებს და სტიმულს მოგვცემს მომდევნო ორი მატჩისთვის, რომელიც ჩვენთვის ფინალივითაა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა, რადგან დღეს ნაკრების კაპიტანი პირველად ვიყავი“.
კრისტიან ასლანი: „რთული თამაში იყო, ვიცოდით, რომ ასე ითამაშებდნენ, მაგრამ ხასიათით გავიმარჯვეთ. თავს ყველანი ვიცავდით, ეს გარდამტეხი თამაში იყო. ჩეხეთთან მატჩის შემდეგ კრიტიკა მივიღეთ, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, სხვები რას ამბობენ. ტუჩიმ ძალიან კარგი პასი მომცა და გავიტანე. დღეს გუნდი ვიყავით, თავს ძალიან კარგად ვიცავდით. მართლაც ძალიან რთული იყო ამ გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე და ალბანეთის ხასიათი გამოვავლინეთ“.
ინდრიტ ტუჩი: „ძალიან მძიმე მატჩი იყო, მაგრამ წარმატებას მივაღწიეთ. მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა, მითხრა, რომ დღეს ვითამაშებდი. მადლობა ღმერთს, რომ მოვიგეთ, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, არა ის, გოლი ვინ გაიტანა ან საგოლე პასი ვინ გააკეთა. ბევრი არ გვივარჯიშია, 4 საათი ვიფრინეთ, მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გავიგე, რომ ძირითადში ვიყავი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან მიხარია, რომ ასლანის საგოლე პასი გავუკეთე. 3 ცენტრალური მცველის წინააღმდეგ სათამაშოდ მოვემზადეთ, მაგრამ 2 ცენტრალური მცველით ითამაშეს, რაც ცოტა გასაკვირი იყო“.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩში 16 ნოემბერს, უკრაინის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც ბათუმში უმასპინძლებს.