ფეხბურთი

21:58 | 14.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორე მარცხი უგოლოდ: ალბანეთმა საქართველოდან 3 ქულა წაიღო

უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები თბილისში ალბანეთის ნაკრებთან დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაირთულა.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნაში ვილი სანიოლმა ტაქტიკა შეცვალა. ბოლოს, როცა საქართველომ 4 მცველით ითამაშა, ქოჩორაშვილი არ იყო ნაკრების წევრი, სწორედ მისი დებიუტიდან დაიწყო 3-მცველიანი სქემით თამაში და ასე გაგრძელდა ზედიზედ 15 შეხვედრის განმავლობაში. ამჯერად, გუნდი 4-მცველიან სქემას დაუბრუნდა, თან პირველივე წუთიდან მინდორზე ვიხილეთ ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე - მოკლედ ძალიან შემტევი შემადგენლობა.

თუმცა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. საქართველო ფლობდა უპირატესობას, ალბანელები კონტრშეტევაზე ელოდნენ შანსს და ხშირად უჩნებოდათ მოედნის ცენტრში თავისუფალი სივრცეც, მაგრამ ოთარ კიტეიშვილი და მცველები მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ.

პირველი ორი რეალური მომენტი საქართველოს ნაკრებმა მატჩის საწყის 11 წუთში შექმნა: ჯერ ბუდუ ზივზივაძეს ვარდნაში მართებდა გატანა ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, ხოლო შემდეგ დავითაშვილმა ითამაშა ბრწყინვალედ, კარგადაც დაარტყა, მაგრამ მეკარე იყო კარგი. ორ წუთში უკვე საქართველოს ნაკრები გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა ინდრიტ ტუჩის დარტყმის შემდეგ.

მერე ტაიმი ისე დასრულდა, ვერ ვიტყვით, რომ რეალური მომენტები შეიქმნა, იყო ქართველების მხრიდან რამდენიმე სახიფათო იერიში, მაგრამ საგოლე შანსს ვერცერთს დავარქმევთ.

მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებისთვის ცუდად დაიწყო. 48-ე წუთზე კრისტიან ასლანი უყურადღებოდ დატოვეს საჯარიმოს მისადგომებიდან და ტუჩის პასის შემდეგ მან ერთი შეხებით გაიტანა. 4 წუთის მერე დაახლოებით ასე იოლად შექმნეს მომენტი სტუმრებმა, ერთი ეგაა, ნადიმ ბაირამის დარტყმა ოდნავ ასცდა კარს.

საპასუხოდ, საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა გააზრებული შეტევის წამოწყება. გუნდმა ერთბაშად ამდენი შემტევით დაკარგა ბალანსი, ჩვენს საყრდენ ზონას ალბანელები მარტივად ითვისებდნენ.

მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებისთვის პირველზე ბევრად ცუდი გამოდგა. პირველი რეალური მომენტი მხოლოდ 71-ე წუთზე შეიქმნა, როცა მიქაუტაძემ დავითაშვილის პასის შემდეგ დაარტყა და მეკარემ აჯობა. უფრო მეტი მომენტი სტუმრებს ჰქონდათ. მატჩიც ასე დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა ალბათ ბოლო პერიოდში ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა.

საქართველოს ნაკრებს, როგორც ალბანეთს, 6 ქულა აქვს, ჩეხეთს 7, ხოლო უკრაინას - 4. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩში 16 ნოემბერს, უკრაინის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც ბათუმში უმასპინძლებს.

საქართველო - ალბანეთი 0:1 (0:0)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო (4-4-2): მამარდაშვილი; კაკაბაძე, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 81); დავითაშვილი (შენგელია 90), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე, ზივზივაძე

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ალბანეთი (4-2-3-1): სტრაკოშა; ბალიუ, ისმაილი აჯეტი მიტაი; ასლანი, რამადანი; ასანი, ბაირამი (სეფერი 77), ლაჩი; ტუჩი (დაკუ 66)

მწვრთნელი: სილვინიო

გოლი: 0:1 ასლანი (48)

გაფრთხილება: დვალი (77) - ბაირამი (77), მიტაი (90), ლაჩი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (3) – 10 (4) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)

1. ჩეხეთი 4 2 1 1 7 7 0 7
2. საქართველო 4 2 0 2 5 3 2 6
3. ალბანეთი 4 2 0 2 3 4 -1 6
4. უკრაინა 4 1 1 2 5 6 -1 4
0.153028