ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრებში მხოლოდ ის ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ, რომლებიც ბრაზილიის ჩემპიონატში გამოდიან.
ლულას აზრით, ლეგიონერების ნაკრებში მიწვევას ახლა აზრი არ აქვს, რადგან ისინი შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს კლასით ვერ სჯობნიან.
„ამჟამად არ გვყავს დიდი ვარსკვლავები, მათ შორისაც, ვინც უცხოეთში თამაშობენ. არ გვყავს გარინჩა, არც რომარიო უცხოურ კლუბებში. ბევრი ფეხბურთელია, მაგრამ ვარსკვლავები ჯერ არ არიან. ბრაზილიაში კარგი ფეხბურთელები არიან, იმავე ხარისხის, შესაბამისად, საჭიროა შანსი მივცეთ ფეხბურთელებს, რომლებიც ბრაზილიაში თამაშობენ“, - თქვა ლულამ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებმა ბოლო მატჩი ჩილეს წინააღმდეგ 2:1 მოიგო და გოლები „ბოტაფოგოს“ ფეხბურთელებმა გაიტანეს. „სელესაო“ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 9 ტურის შემდეგ 13 ქულით მეოთხე ადგილზეა.