კალათბურთი

10:29 | 14.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის პირველი ტური გურჯაანში, ქუთაისის საბრძოლო გამარჯვებით დასრულდა

სუპერლიგის პირველი ტური დაძაბული მატჩით დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე ჩემპიონატშიც ერთ-ერთმა ფავორიტმა ქუთაისმა დიდი ბრძოლა გადაიტანა გურჯაანში, სადაც დელტა ბოლო წამებზე – 78:73 (სტატისტიკა) დაამარცხა. აპლოდისმენტები კახეთის წარმომადგენელს, რომელმაც პირველი ნახევრის შემდეგ არსებული 19-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ ბოლო პერიოდში დაწინაურება მოახერხა, ხოლო ბოლო წამებზე დამაწინაურებელი 2 სამქულიანი ააცილა…

ქუთაისი 2 დღის წინ დაბრუნდა სლოვაკეთიდან, სადაც ფიბა ევროპის თასის მატჩზე პირველი მატჩი გამართა და ადგილობრივ პრევიდზასთან თანაბარ ბრძოლაში, 8 ქულით დამარცხდა. იმერული კლუბი სლოვაკეთიდან ფაქტობრივად პირდაპირ კახეთს ესტუმრა, სადაც სუპერლიგის პირველი ტურის მატჩში დელტას დაუპირისპირდა და ბეწვის ხიდზე გაიარა. ქუთაისელები ისევ ლეგიონერის გარეშე, თუმცა ეროვნული ნაკრების წევრებითა და კანდიდატებით წელგამართულები თამაშობდნენ. გურჯაანელები კი პირიქით – 4 ლეგიონერით გაძლიერებული თამაშობდა და ერთ-ერთ მათგანს მეტი მიზანი რომ გამოეჩინა, დელტას მოგების კარგი შანსი ექნებოდა.

საუბარია ჯორდან სვოპშირზე, რომელმაც საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე, როცა მისი დელტა 72:74 ჩამორჩებოდა, სწრაფ შეტევაში სამქულიანი ესროლა. ამერიკელი ლეგიონერის სროლა მიზანს ასცდა, თუმცა ფარიდან ასხლეტილი ბურთი ისევ მას მიუვიდა და ცრუმოძრაობით თავისუფალ სასროლ პოზიციაზე გასულმა ჯორდანმა კვლავ შეუტია. საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე ნასროლი მისი სამქულიანი კვლავ მიზანს ასცდა, მაგრამ ფარქვეშ მისმა თანაგუნდელმა, ვალერიან წულეისკირმა იბრძოლა და … მასზე გიორგი ოჩხიკიძე დაჯარიმდა და დელტას სირენამდე 5 წამით ადრე საჯარიმოებით ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა. წულეისკირმა მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და მატჩის ბედიც ქუთაისელთა ასარგებლოდ გადაწყდა.

დარჩენილ დროში ქუთაისმა საჯარიმოებით სხვაობა გაზარდა და სუპერლიგაში პირველი, თუმცა რთული გამარჯვება მოიპოვა. იმერულ კლუბში 25 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია. 18 ქულა და 9 პასი გიორგი ოჩხიკიძემ, ხოლო 13 ქულა და 7 მოხსნა გიორგი სულაბერიძემ მოაგროვა. დელტას შემადგენლობაში 18 ქულით საუკეთესო იყო დანია კინგსბი. 17 ქულა ჯორდან სვოპშირის ანგარიშზეა.

სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები 19 და 20 ოქტომბერს, ქუთაისში, ტყიბულსა და თბილისში გაიმართება.

GBF.GE

0.128837