რაგბი

20:45 | 13.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხვამლი 11:32 აია

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ხვამლს’ მისსავე „ხვამლი არენაზე“ 32:11 აჯობა და კვლავაც ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება.

სტუმრებმა თბილისში ერთის წილ 4 ლელო გაიტანეს, ბონუსიც აიღეს და ჯამში 22 ქულა მოაგროვეს. ‘ხვამლმა’ მესამე თამაში წააგო, 10 ქულა დარჩა და მე-7 ადგილზეა.

შეხვედრა მასპინძლების აქტიურობით დაიწყო და დებიუტში ნიკა ცინცაძემ ანგარიში ჯარიმით გახსნა. მალე მას კიდევ ერთი დარტყმა გაუცუდდა, თუმცა ‘ხვამლი’ დომინირებას აგრძელებდა და გიორგი ვარდოსანიძემ მოლის შემდეგ გატანილი ლელოთი მუხიანელთა უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.

‘აიამ’ მალევე იპოვა თავისი თამაში, მეტოქის 22-ში ფეხი მოიკიდა, 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და ირაკლი სიმსივეს შებრუნებული გადაცემის შემდეგ ლელო თემურ კოხოძემ დადო. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვის შემდეგ 24-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა და სტუმრები 2 ქულით დააწინაურა. 36-ე წუთზე ქუთაისელთა მორიგი ხელდახელ შეტევისა და გიორგი ფრუიძის ოფლოუდის შემდეგ ჯიუტა ბიაუ ბატირერენგამ გაჭრა ხაზი და ლელომდე 35 მეტრი ირბინა. ბაბუნაშვილმა გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 8:17.

თამაშის განახლებისთანავე ცინცაძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა 45-ე წუთზე ‘აიამ’ მორიგი ლელო გაიტანა. კარგად ითამაშა ქუთაისელთა ფრთა ტიმოსი ბოლამ, დაახლოებით 40 მეტრი დაფარა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა თბილისელებმა დაცვის დაწყობა ვერ მოახერხეს და კოხოძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა.

‘ხვამლმა’ თამაშში გარდატეხის შეტანა სცადა და მწვავედ შეუტია, რასაც საბა ხონელიძეს სინბინი მოყვა. კაცნაკლულმა ‘აიამ’ თავი დაიცვა, 61-ე წუთზე კარგი კონტრშეტევა განახორციელა და ლელოც გაიტანა, მაგრამ ის ვიდეო-რეფერიმ გააუქმა. სამაგიეროდ სტუმრებს ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნდათ, რასაც თან გიორგი კვაბზირიძეს სინბინიც დაერთო და ბაბუნაშვილმაც იოლი 3 ქულა აიღო.

68-ე წუთზე ყვითელი ბარათი ცინცაძემაც მიიღო, ‘აიამ’ მეტობის გამოყენება 74-ე წუთზე შეძლო და ალეკო გიგაშვილის ძალისმიერი ლელოთი გამარჯვებასთან ერთად ბონუს-ქულაც მოიპოვა – 32:11. მატჩის საუკეთესო მოთამაშე თემურ კოხოძე გახდა.

RUGBY.GE

0.103246