რუსთავის ‘ხარებმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ მეორე ტაიმში 5 უპასუხო ლელო გაუტანა, 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 41:20 გაიმარჯვა.
რუსთაველებმა სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღეს, ჯამში 14 მოაგროვეს და ერთბაშად მე-3 ადგილამდე დაწინაურდნენ. ‘ტაოს’ 8 ქულა დარჩა და მე-8 პოზიციაზეა.
ასპინძაში გამართული შეხვედრის პირველ მეოთხედში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. ‘ტაო’ დომინირებდა შერკინებაში, დერეფანში და ეს ანგარიშზეც აისახა. დერეფნის შემდეგ მათ კარგად გაშალეს შეტევა, ოთარ მეტრეველმა ხაზი გაჭრა და შეხვედრის პირველი ლელო მე-4 წუთზე გაიტანა. ოთარ ტალახაძემ გარდასახა. ‘ხარებმა’ მალევე ხელდახელ კარგი შეტევით უპასუხა და მაიკელი როკონდინონომ ლელოში ანარე ტუიტაი შეუშვა. გიორგი პეტრიაშვილმა წონასწორობა აღადგინა.
‘ტაომ’ ლიდერობა მე-12 წუთზე დაიბრუნა. გიორგი შკინინის გონივრული გადაცემის შემდეგ მარცხენა ფრთაზე პაატა ბურჭულაძე გაიქცა, რომელსაც შიდა მხრიდან თამაზ კილაძე მიყვა და მანაც ბოლო მეტრები მცველთან ჭიდილში დაძლია. ტაიმის შუაში მასპინძლების მორიგი სწრაფი ხელდახელ შეტევა ლელოთი შკინინმა დაასრულა, რაზეც სტუმრებმა პეტრიაშვილის ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 17:10 დასრულდა.
მეორე ტაიმის დებიუტში ოთარ ტალახაძემ ორიდან ერთი ჯარიმა გაიტანა და ასპინძელებს 10-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, თუმცა ამის შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ. 48-ე წუთზე მათ მოლში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ სივრცეები კარგად აითვისეს და მარცხენა ალამთან ლელო ტუიტაიმ გაიტანა, პეტრიაშვილმა კი გარდასახა.
მერე ‘ტაოს’ დისციპლინის მხრივ პრობლემები შეექმნა და 6 წუთის ინტერვალით რატუ მელი ტურაგაკა და თორნიკე ზოიძე ყვითელი, ხოლო ნაელესონი ნასოკიტაბუა წითელი ბარათით დაკარგა. ‘ხარებმა’ 12-კაციან მეტოქეს მოლით შეუტია და ლუკა კოხიამ სტუმრები პირველად დააწინაურა.
ტალახაძემ 63-ე წუთზე ჯარიმით სცადა ასპინძელთათვის ლიდერობის დაბრუნება, მაგრამ მის დარტყმულს ძალა დააკლდა, ‘ხარებმა’ კონტრშეტევა წამოიწყო, რატუმ კარგად იარა და ფეხით გადაკიდა, 13-კაციანმა ‘ტაომ’ დაცვის გამაგრება ვეღარ მოახერხა და პეტრიაშვილმა თავისივე ლელო გარდასახა.
რუსთაველებმა იგრძნეს, რომ ბონუს-ქულის აღებაც შეეძლოთ და დასკვნით წუთებში მიზანსაც უწიეს. 72-ე წუთზე ძალისმიერი ლელო ვანო გელაშვილმა გაიტანა, ხოლო ბოლო წუთზე ფრთაზე სისწრაფე როკონდინონომ აკრიფა და მისი ლელო გუნდისთვის 1 დამატებითი ქულის მომტანი აღმოჩნდა – 41:20 სტუმრების სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კახა გაზაშვილი გახდა.
RUGBY.GE