„ნაპოლი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, ჯოვანი სიმეონემ დატოვოს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
როგორც ცნობილი გახდა, აურელიო დე ლაურენტისი მზადაა არგენტინელი ფორვარდი 15 მილიონ ევროდ „ტორინოში“ გაყიდოს, 29 წლის ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არც ანტონიო კონტეა.
სიმეონეს „ნაპოლიში“ ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს და ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად ვერ ხვდება. „ტორინოს“ კი ახალი ფორვარდი სჭირდება, რადგან დუვან საპატამ უმძიმესი ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს.
ჯოვანი სიმეონე „ნაპოლიში“ 2022 წლიდან ირიცხება და 78 მატჩში, რომელთა უმეტესობა შეცვლაზე აქვს ნათამაშები, 13 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ვერონას“, „კალიარის“, „ფიორენტინას“, „ჯენოას“, „ბანფილდის“ და „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავდა.