ფეხბურთი

15:54 | 13.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "რასაც ბოლო პერიოდში მივაღწიეთ, შემთხვევითობა არ იყო, შრომის შედეგია"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, გუნდისგან იმავე დისციპლინით თამაშს ელოდება, როგორც ბოლო პერიოდში თამაშობდა.

„იმედი მაქვს, რომ ხვალ სხვანაირად წავა თამაში. მატჩის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გამოსწორდება. რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, რამდენიმე ფაქტორია, ერთ-ერთი მანძილია ამერიკიდან, გარდა ამისა, იმ სისტემაში, რომელსაც მე ვიყენებ, უჭირს ჩაჯდომა.

უკრაინასთან მატჩში მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ლოჩოშვილს არ ეხება. მოგეხსენებათ, მან ჩეხეთთან არა მარტო დაცვაში ითამაშა კარგად, არამედ შეტევაშიც. კიტეიშვილი მზადაა ხვალინდელი თამაშისთვის.

უკრაინასთან მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, თამაშიდან გამომდინარე მოგებაც შეიძლებოდა. ამიტომ, ამ ეტაპზე ტაქტიკურ ცვლილებებს არ განვიხილავ, მთავარია, ბევრად უკეთ დავიწყოთ თამაში და უკეთ შევასრულოთ მოედანზე დავალებები. უკვე გადაწყვეტილი მაქვს ვინ შეცვლის ქოჩორაშვილს, ამას ხვალ გაიგებთ.

ფედერაციამ როგორც ყოველთვის საუკეთესო პირობები შეგვიქმნა. ასეთ სიტუაციებში დრო ძალიან მნიშვნელოვანია და მათ მაქსიმალურად ხელი შეგვიწყვეს. ჩვენ ისევ ის გუნდი ვართ, როგორიც ბოლო პერიოდში ვიყავით და ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ, შემთხვევითობა არ იყო, შრომის შედეგია და ღირებულებების, რომელიც ჩვენ დავნერგეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ნაკლები მუშაობის უფლება მივცეთ ჩვენს თავს, მითუმეტეს ასეთ მეტოქეებთან. აუცილებელია შევინარჩუნოთ დისციპლინა, ღირებულებები და პროფესიონალურად მივუდგეთ საქმეს“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს, თამაში 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ალბანეთს აქამდე 16-ჯერ შეხვედრია და უპირატესობას ფლობს - 9 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.

0.115418