რაგბი

18:06 | 12.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არესი 66:0 ყოჩები

ქუთაისის ‘არესმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 9 უპასუხო ლელო გაუტანა, 66:0 დაამარცხა და 20 სექტემბერს დაკარგული „სარბიელის სინიც“ დაიბრუნა.

‘არესმა’ ხუთიდან მეოთხე თამაში მოიგო, მესამედ აიღო ბონუს-ქულა და სანამ ‘აია’ თავის შეხვედრას ჩაატარებს, 20 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. ‘ყოჩებმა’ პირიქით, მეოთხე მარცხი განიცადა და 5 ქულით ბოლო ადგილზეა.

„აია არენაზე“ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და ანგარიში დებიუტშივე გახსნეს. ხაზი პიტა იავი მაიმ გაჭრა, ამას ფორვარდების რამდენიმე დარტყმა მოყვა და ლელო თავად პიტა იავი მაიმ გაიტანა. მე-12 წუთზე მძლავრი მოლის შემდეგ დაუცველ ზურგში გიორგი თავაძემ შეუტია და მეორე ლელო გაიტანა. მე-17 წუთზე მოლი უკვე გოგა კობახიძის ლელოთი დასრულდა, ორ წუთში კი ჯოსევანი ნდრავა გაიქცა კონტრშეტევაზე – 28:0.

თამაშმა მხიარული ხასიათი მიიღო და თავისი შესაძლებლობები ისევ ‘არესმა’ გამოიყენა. 25-ე წუთზე არსენ მაჩალაძემ შეუტია დერეფნის შემდეგ და თავისი წილი ლელო გაიტანა. ორ წუთში ქუთაისელებმა ფეხით კარგი თამაშის შემდეგ სწრაფად შემოაგდეს დერეფნიდან ბურთი და პიტა იავი მაიმ თავისი მეორე ლელო მიითვალა. 35-ე წუთზე დერეფნიდან კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ გუნდის მე-7 ლელო პატერსიო ფინაუმ გაიფორმა. გიორგი თევდორაძემ 7-ივე გარდასახა – 49:0.

მეორე ტაიმიც ‘არესის’ შეტევებით დაიწყო მართალია ლელო ვერ გაიტანა, მაგრამ თევდორაძემ 38 მეტრიდან არეკნი უნაკლოდ შეასრულა. 61-ე წუთზე ‘ყოჩები’ გადაკიდებული ბურთის აღებისას შეცდნენ და მე-8 ლელო ზურაბ ძნელაძემ ჩაიწერა. 72-ე წუთზე ნიკა ძნელაძემ გაიბრწყინა. მან კონტრშეტევა წამოიწყო, 40 მეტრი ფინტებით დაფარა, გზად რამდენიმე მბოჭავი ჩამოიცილა და ლამაზი ინდივიდუალური ლელო გაიტანა. ბოლო ორი გარდასახვა არჩილ იაშარაშვილმა შეასრულა და ‘არესმა’ 66:0 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ორი ლელოს ავტორი პიტა იავი მაი გახდა.

RUGBY.GE

0.111451