რაგბი

18:35 | 11.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 22:3 ლელო

‘ბათუმმა’ crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში მეორე საშინაო შეხვედრაც მოიგო. V ტურში მას თბილისის ‘ლელო სარასენსი’ ეწვია, რომელმაც სეზონი ზღვისპირელებივით მძიმედ დაიწყო და პირველი გამარჯვება გასულ ტურში მოიპოვა.

„ბათუმი არენაზე“ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა მასპინძლები ძალიან კარგად გაისარჯნენ დაცვაში, ძალისმიერ თამაშში მოპოვებული უპირატესობა სამ ლელოში ასახეს და 22:3 გაიმარჯვეს.

შეხვედრა ‘ლელოს’ ფაზური შეტევებით დაიწყო, რასაც ‘ბათუმი’ მომზადებული დახვდა. თავის მხრივ, ზღვისპირელები კონტრშეტევაზე ცდილობდნენ თამაშს, თუმცა მე-18 წუთზე დაჯარიმდნენ და პეტრე ხუციშვილმა სტუმრები დააწინაურა. 25-ე წუთზე ‘ბათუმმა’ დერეფნიდან ფორვარდებით შეუტია, მერე რაქიდან მოლი ააგორა და გიგა კობახიძემ ლელო გაიტანა. ვაჟა მიქაძემ გარდასახა.

29-ე წუთზე კავეკინი ტამბუს სინბინის შემდეგ ‘ბათუმი’ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, თუმცა ამჯერადაც დაიცვა თავი, ტაიმის ბოლოს მოლით ორჯერ შეუტია და კობახიძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა. მიქაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა და ტაიმი 14:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი ‘ბათუმმა’ უკეთ დაიწყო, ტემპს უმატა, სახიფათო შეტევის შემდეგ მეტოქეს წნეხი დაადო და 5-მეტრიანი შერკინება გამოიმუშავა, საიდანაც გიორგი შუკაკიძემ შეუტია და ლელო გაიტანა. ‘ლელომ’ საპასუხოდ რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა, თუმცა ‘ბათუმი’ დაცვაში ამჯერადაც მომზადებული დახვდა.

68-ე წუთზე ‘ბათუმი’ ერთხელაც დარჩა მოედანზე კაცნაკლული. სინბინით ამჯერად ლუკა ვადაჭკორია დაისაჯა, მაგრამ მასპინძლებმა ქულები კვლავ თავად აიღეს. ჯარიმა მიქაძემ შეასრულა, ‘ბათუმმა’ 22:3 გაიმარჯვა და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუსიც მიითვალა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დუბლის ავტორი გიგა კობახიძე გახდა.

RUGBY.GE

0.132772